“არსის” გენერალური დირექტორის შეფასებით, ბოლო წლებში უძრავი ქონების სფეროში ახალი მოთამაშე და ინვესტორი არ გამოჩენილა და დეველოპერული პროექტებს ადგილობრივი კომპანიები მოგების რეინვესტირებით ახორციელებენ. ამის შესახებ ბესო ორთოიძემ „საქმიან დილაში“ მშენებლობასა და უძრავ ქონებაში 2025 წლის I კვარტალში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფასებისას ისაუბრა.
დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში FDI-ის შემოდინება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
„უძრავი ქონების ნაწილში უფრო დიდი კონტრიბუცია ფიზიკური პირების მხრიდან ხდება, მშენებლობა-დეველოპმენტში კომპანიებია, ვინც ინვესტიციას ახორციელებს. ჩემი ვარაუდით, ბოლო პერიოდში ინვესტიციებს არსებული ინვესტორები დებენ, რომლებიც ან დამატებით კაპიტალს ახორციელებენ, ან რეინვესტიციას. ყველა ვადევნებთ თვალყურს და ვინმე ახალი მოთამაშე და ინვესტორი მე არ მახსენდება გამოჩენილიყოს. დღეს, ალბათ, უძრავი ქონების სფეროში ადგილობრივი კაპიტალი ისტორიულ მაქსიმუმზეა… დეველოპმენტის ნაწილში, თუ ამაში შევიყვანთ ბანკის პორტფელსაც, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ მაქსიმუმზეა, შესაბამისად დღეს, მოკლევადიან პერიოდში რომ ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციების რაიმე საჭიროებაა, ასე არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან ჩვენ ვიცით, FDI რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ისედაც კარგი იქნება თუ ბალანსი მოხდება და მხოლოდ ადგილობრივი ინვესტიცია არ იქნება“, – ამბობს ბესო ორთოიძე და დასძენს, რომ დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში ახალი ინვესტორები მარტივად არ შემოვლენ, რადგან ისინი პირველ რიგში გარემოს უყურებენ და აფასებენ. უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი არ არის.
„არსი“ ამის კარგი მაგალითია, რადგან უცხოელი ინვესტორი გვყავს პარტნიორად და ბოლო 12 წელია მასთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოგების თითქმის 90% რეინვესტირებული გვაქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ აქამდე ქვეყნის მიმართ მეტი ნდობა და ინტერესი იყო, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე ხდება რეინვესტირება.
თუ ინვესტორებს შევხედავთ, როგორ იღებენ ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას, ისინი არ უყურებენ ადგილობრივ პრესას, არამედ უყურებენ საერთაშორისო კომპანიების კვლევებს, მიდიან საელჩოში და იღებენ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული მდგომარეობა, ევროპული ინვესტიციებისთვის ხელის შემშლელია. ძალიან მინდა, მაგრამ მეეჭვება, რომ დღეს ახალი ინვესტორი ასე თამამად შემოვიდეს. 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებისას ჩვენ ძალიან ძლიერი მესიჯი გვქონდა, ამაზე მეტი მესიჯი ინვესტორებისთვის არ არსებობს, თუმცა ამას განვითარება არ მოჰყვა და სიტუაცია შეიცვალა. სხვა კომპანიებს, სადაც არაქართველი ინვესტორი ჰყავთ მაქსიმალურად ცდილობენ განხორციელებული ინვესტიციების შენარჩუნებას, დამატებით კაპიტალზეც იყოს საუბარი, მაგრამ დღეს ახალი ინვესტორის შემოყვანა საკმაოდ რთული იქნება, რადგან რაღაცით ხომ უნდა დაარწმუნო, აქ მხოლოდ ადგილობრივ მესიჯებით, თუნდაც მთავრობის მხრიდან რაცაა, მაგით ვერ მოიზიდავ. [ხელისუფლების მხრიდან] თავდაპირველად იყო შეფასება, რომ ადგილობრივი ვითარება ინვესტიციებზე გავლენას არ მოახდენდა, შემდეგ პროპაგანდა შეიცვალა და იყო საუბარი, რომ ისედაც არ შემოდიოდა ევროპიდან ინვესტიციები, თუმცა ეს ასე არ არის – ფაქტები სახეზეა“, – განმარტავს ბესო ორთოიძე.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის I კვარტალში 7,7%-ით, 179.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ინვესტორთა მიმართ სავალო ვალდებულებების მომსახურებამ, რამაც 33 მილიონი დოლარი შეადგინა, ინვესტიციების შემომავალი ნაკადები კი 150 მილიონი დოლარი იყო რეინვესტიციების სახით და 62 მილიონი დოლარი კომპანიების მფლობელთა მხრიდან სააქციო კაპიტალის შევსებით.
ინვესტიციები გაზრდილია მშენებლობის სექტორშიც, რამაც პირველ კვარტალში 20,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი კლებაა უძრავი ქონების სექტორში. თუ გასული წლის პირველ კვარტალში სექტორში 19,3 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო, წელს პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 5,9 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
