თეონა აქუბარდია – ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რითაც მარიონეტული რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები შეჩერდა, თუმცა დღეს ვხედავთ კომისარ წულუკიანს, რომელიც ომის დაწყებას ჩვენს ქვეყანას აბრალებს

“ქართული ოცნების“ პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პოლიტიკა იყო ჩორჩანასა და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითაც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ხმამაღლა ისმოდა, შეჩერდა, დღეს კი ჩვენ ვხედავთ აგვისტოს ომის გამოძიებას კომისარი ს ე.წ. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს და ქვეყნის მშვიდობიან დაცვას დანაშაულად აფასებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის მხრიდან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მკაცრად პასუხობდეს, „ტაშის კვრას იღებს კრემლის რეჟიმისგან – საქართველოსთვის ომის დაბრალებით“.
„მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ მოღალატეობრივ ქმედებას, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი, უკვე რამდენიმე დღეა თავის პროპაგანდისტული ტელეარხებით აწარმოებს, საკითხი ეხება ქმედებას, როდესაც გმირების თავდადებისა და თავგანწირვის გაუფასურებასთან ერთად, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაცვას დანაშაულად თვლის. საკითხი ეხება ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმას. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, სხვა არაფერია თუ არა გაგრძელება ივანიშვილის სამარცხვინო ცალმხრივი ბოდიშის კამპანიისა, ოკუპანტების მისამართით, საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების დაბრალების და სხვა არაფერია, თუ არა მორიგი საჩუქრის მომზადება კრემლისათვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პოლიტიკა იყო ჩორჩანასა და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითაც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ხმამაღლა ისმოდა შეჩერდა. ეს კი მდგომარეობდა კობი – გუდაურის – ყაზბეგის ნაწილის – თრუსოს ხეობის – ჩორჩანას ტყისა და მათ შორის 28 ტერიტორიულ ერთეულზე ბორდერიზაციის ნიშნები, რომლებიც, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიამაც დააფიქსირა. ასევე კიდევ ერთი ინდიკატორი – მარიონეტული რეჟიმის მხრიდან წარმოდგენილი რუკები იყო. ეს პროცესი შეაჩერა საგუშაგოს ჩადგმამ, რითაც 1800 ჰექტარი ტყის მასივი იქნა დაცული, მაშინ, როდესაც ოკუპანტებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არაერთი საგუშაგო აქვთ ჩადგმული.
2023 წელს უკანონო ბორდერიზაციის 39 ფაქტია დაფიქსირებული და მაშინ, როდესაც ოკუპანტებმა სოფელ კირბალში თამაზ გინტური მოგვიკლეს, ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციისა და კანონის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ვალდებულია, რომ ქართველი ხალხი და მიწა-წყალი დაიცვას, უარი განაცხადა გინტურის მკვლელობის გამოძიებაზე, ან თუნდაც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მის შეყვანაზე, რომელიც გიორგი გახარია პრემიერობის დროს იქნა მიღებული. ეს კი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზომაა იმისათვის, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მყოფი პირების მკვლელთა სანქცირება მომხდარიყო.
მაშინ, როდესაც 2016 წლიდან ჩორჩანაში მიმდინარეობდა მოქალაქეების დაკავება, გაფრთხილება, რომ ჩორჩანა ქართული მიწა-წყალი არ იყო, ასევე ამავე წელს მოხდა ტატუნაშვილის მკვლელობა და წამებით სიკვდილი, ეს ყველაფერი აჩვენებდა, რომ საჭირო იყო შესაბამისი ზომების გატარება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
აქედან გამომდინარე, როდესაც ივანიშვილი რეჟიმი ამ ნაბიჯს დანაშაულად თვლის, ეს აჩვენებს იმას, რომ საქმე რაღაც მორიგი საჩუქრის გაკეთებასთან გვაქვს ოკუპანტებისთვის, ან იმას, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა დანაშაული ყოფილა, რაც კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება საუბრობდეს ოკუპირებულ სოხუმსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც არის საერთაშორისო პრინციპებისა და წესების დარღვევა და საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს მიმართავდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაიცვას და პასუხს სცემდეს ოკუპანტი ქვეყნის განცხადებებს საქართველოში სამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და მკაცრად პასუხობდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებას, ტაშის კვრას იღებს კრემლის რეჟიმისგან – საქართველოსთვის ომის დაბრალების კუთხით. დღეს კი ჩვენ ვხედავთ აგვისტოს ომის გამოძიებას კომისარი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს და ქვეყნის მშვიდობიან დაცვას – დანაშაულად აფასებს, ეს ყველაფერი გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალიან მწყობრად სვლასა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მოღალატეობრივ ნაბიჯებს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.