კაცმა არ იცის, „ქართულ ოცნებაში“ ვის რა ბედი ეწევა და პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა – კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ “პარტია „ლელო” „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი”.
აქუბარდიას თქმით, მსგავსი განცხადებები თანამდებობის დაკარგვის საფრთხით არის განპირობებული.
„მაშინ, როცა კაცმა არ იცის “ქართულ ოცნებაში” ვის რა ბედი ეწევა და მის სავარძელს განსაკუთრებით, ბატონი პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა, ვიდრე აქამდე წასულა სავარძლის შენარჩუნებისთვის. კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. გასაგებია, რომ არის წითელი ხაზები, რომელსაც წესით არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი. ის, რომ ამას დიდი ხანია გასცდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის სავარძელი იმდენად პრიორიტეტულია, ყველა სფეროს და სიძულვილის ენის ყველა ფორმას გამოიყენებს მის შესანარჩუნებლად, რაც ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავია,“- განაცხადა აქუბარდიამ.