საუბარია იმაზე, რომ ფარცხალაძის მიერ, რომელიც ფაქტობრივად, ივანიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების კაცია, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მათ შორის, აფხაზეთის რკინიგზა აღდგეს – აქ ორი თემაა მნიშვნელოვანი: ერთი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, რომელიც საქართველოს ნაწილია და რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელს ეძახის და მეორე – ეკონომიკური განზომილება – მარტო, დასავლეთისგან იზოლირებულად, ტერიტორიული მთლიანობის, თუნდაც არაღიარების პოლიტიკის დაცვა ძალიან გაგვიჭირდება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რუსეთი „ივანიშვილის ბოდიშს იყენებს, რომ ჟენევაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება დამატებით მოითხოვოს“.
„რუსეთი კიდევ უფრო მეტი მოთხოვნებით არის წამოსული. ის ივანიშვილის ბოდიშს იმისთვის იყენებს, რომ ჟენევაში დამატებით მოითხოვოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება. აგერ, საუბარია იმაზე, რომ ფარცხალაძის მიერ, რომელიც ივანიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების კაცია და ახლა უკვე კომუნისტიც გამხდარა, გარდა იმისა, რომ გვარი შეიცვალა და რომანოვი გახდა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, მათ შორის აფხაზეთის რკინიგზაც. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული ყველას გვახსოვს, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით მუშაობა უნდა დაწყებულიყო. აქ ორი თემაა მნიშვნელოვანი, ერთი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, რომელიც საქართველოს ნაწილია და რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მას დამოუკიდებელს ეძახის. მეორე არის ეკონომიკური განზომილება. ერთადერთი, ვისაც სამხრეთ კავკასიის დერეფნის გამოყენება უნდა სათავისოდ, არის რუსეთი და ეს რკინიგზა ამ კონტექსტში მისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკური მდგენელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მარტო, დასავლეთისგან იზოლირებულად, ტერიტორიული მთლიანობის, თუნდაც არაღიარების პოლიტიკის დაცვა ძალიან გაგვიჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“, მხოლოდ და მხოლოდ, ჟენევაში დაგმო პირდაპირი ფრენების აღდგენა ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმის აეროპორტზე, რომელიც რუსეთს 2023 წელს გადაეცა, „ქართულმა ოცნებამ“ რეაგირება არ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია გვქონდა დაინიცირებული ამასთან დაკავშირებით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის გახსნა და ამაზე რეაგირების არ ქონა. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ მოთხოვნებს აყენებს საქართველოზე. კიდევ უფრო სუსტები ვართ, როგორც ქვეყანა, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის ინტერესს, საქართველოს სუვერენიტეტი ბოლომდე მიიტაცოს და შევძლოთ ჩვენი ინტერესით წინსვლა, რაც იყო ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა და დემოკრატიის დაცვა“,- განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, თეონა აქუბარდია გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასაც. მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად მოხსენიება არ ნიშნავს, რომ „ქართულო ოცნება“ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ლეგიტიმაციას იღებს.
„შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობების ჩვეულებრივი ნაწილია. შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მუშაობს, შესაბამისად, ის, რომ კომუნიკაცია აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ესეც დიპლომატიური ურთიერთობის ნაწილია. ის, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ივანიშვილის არც მთავრობას, არც ე.წ. პარლამენტს და არც მათ შორის, ე.წ პრეზიდენტს, ეს არის ფაქტი. მით უფრო მაშინ, როდესაც ივანიშვილი სანქცირებულია აშშ-ის მხრიდან. ისევე როგორც „მაგნიტსკის აქტი“ გამდიდრებულია იმ ქართველებით, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და მათ შორის, წამების მეთოდებს იყენებდა. მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში კონფერენციაზე ბრძანდებოდა, სადაც მან ადმინისტრაციის თუნდაც, დაბალი რანგის თანამშრომლებთან ვერც ერთი შეხვედრა ვერ ჩაატარა. იქიდან დაბრუნებული შეხვდა აშშ-ის ელჩს, სადაც ტექსტში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა უნდა ურთიერთობების ნორმალიზება, მაშინ სერიოზული დამოკიდებულება უნდა აჩვენოს ამ ურთიერთობების დასალაგებლად. მთელი რიტორიკა იყო აგებული ერთი მხრივ, ანტიამერიკულ კონტექსტში. ამერიკასა და საქართველოს დააბრალეს 2008 წლის აგვისტოს ომი და არა რუსეთს. მთელი უბედურება, გადატრიალებები ასევე, ამერიკის ბრალი იყო, ივანიშვილის 28 აპრილის განცხადებას თუ გავიხსენებთ. ივანიშვილის დამსახურებაა, რომ აშშ-ისთან სტრატეგიული პარტნიორობა დასრულდა და გაყინულია“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა აღნიშნული თემებისა, აქუბარდია გამოეხმაურა რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მისი პოზიციის გამო, რომ „მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“ და ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც ყველაფერს გაუძლებს. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, რაც „დღეს რეალურად შესაძლებელია, ეს არის სწორედ კოორდინაცია საერთო მიზნისთვის და ინტერესისთვის“.
„როდესაც საუბარია კოორდინაციაზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქტივისტებთან, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა მიზანს მივაღწიოთ. როდესაც ერთიანობაზე დაიწყებენ ხოლმე საუბარს, შემდგომში დაიწყებენ თავდასხმას უკვე პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების მისამართით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ერთობის ეფემერულობას და შეუძლებლობას. ერთობა მართლაც ხომ არ არის ზოგადად კარგი სიტყვა, რომელიც გერბზე გვაქვს დატანილი, აქ საუბარია კოორდინაციაზე და ძალისხმევის ერთობაზე და არა პარტიების გაერთიანებაზე. თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა გაერთიანების, გაერთიანდნენ, გვაჩვენონ მაგალითი. ეს ხომ არ ხდება? რაც რეალურად შესაძლებელია დღეს, ეს არის კოორდინაცია საერთო მიზნისთვის, ინტერესისთვის“, – განაცხადა აქუბარდიამ.
