რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანს, ეს ჩალა გაძვირებულია, რადგან ევროპარლამენტის თითოეული რეზოლუცია ივანიშვილს დიდ ფულად დაუჯდა – პროცესი შეუქცევადად წავა, თუ ივანიშვილი ახალ არჩევნებს არ დათმობს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა თეონა აქუბარდიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ რადგან სანქციებზე 27 ქვეყნის თანხმობა რთულია, „ამ ყველაფრის გაკეთება ინდივიდუალურ რეჟიმში ხდება“.
„რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომ [რეზოლუციებს] ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანს, ეს ჩალა გაძვირებულია, რადგან თითოეული ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილს დიდ ფულად დაუჯდა, თუ გავიხსენებთ მათ შორის იმ მოცემულობას და ჩივილს, რომ ფულს ვეღარ იბრუნებს შვეიცარიული ბანკებიდან, ისევე როგორც მის გადმოტანილ ძვირფას ნახატებს საქართველოში და გამოყენებას იმ დრაკონული ოფშორული კანონის, რომლითაც მან ქართველ ხალხს ბიუჯეტიდან ფული მოჰპარა. ეს აჩვენებს, რომ დიახ, მუშაობს რეზოლუციებიც, სანქციებიც და ის [ივანიშვილი] ქვეყანას იყენებს როგორც ფარს საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ამ რეზოლუციის ახალი განზომილება არის სანქციების წრის გაფართოებისადმი მოწოდება, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, არამედ არიან მისი მხარდამჭერი ბიზნესმენებიც, რომლებიც აძლიერებენ მის რეჟიმს, ასევე პროპაგანდისტული ხაზი, რომლითაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის ათასგვარი მანიპულაციით, დეზინფორმაციით და ტყუილით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და მოსკოვთან პირდაპირ ფრენებზე. მისი თქმით, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ დუმილი ნიშნავს, რომ „ეს ჩუმი გარიგება და თანხმობა“ იყო.
„სოხუმის აეროპორტის აღდგენა, რუსეთისთვის გადაცემა, პირდაპირი ფრენები და „ქართული ოცნების“ დუმილი ნიშნავს, რომ ეს იყო ჩუმი გარიგება, ჩუმი თანხმობა. ფრენები მხოლოდ ტურისტული მიზნითა არ არის, არის სამხედრო დანიშნულებისაც. ერთი არის სამხედრო, მეორე კი ეკონომიკური ინტერესი. პარლამენტში მუდამ ვსაუბრობდი ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებზე, რომელსაც საფრთხეს უქმნიდა ივანიშვილის რეჟიმი ქმედებებით თუ უმოქმედობით, მათ შორის სამხედრო კუთხით საფრთხეს ზრდიდა საქართველოსთვის. 2023 წელს რუსეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში, რაზეც მე რეზოლუციის ინიცირების მიუხედავად ვერ დავაძვრევინე სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მეორე მხრივ, იყო სოხუმის აეროპორტის გადაცემა 49 წლით, სრულიად უკანონოდ რუსეთისთვის, არც მაშინ ამოუღია ხმა ივანიშვილს რეჟიმს, რადგან რუსეთის გავლენების ზრდა ივანიშვილის პირობებში და ივანიშვილი, რომელიც ამ გავლენების აგენტი იყო, უკვე სახეზე იყო. რუსეთს დასჭიდა ორი რამ: საზღვაო ფლოტი, უკრაინის წინააღმდეგ ომიდან გამომდინარე; მეორე იყო აეროპორტი, რომელზეც სულ იყო საუბარი, თუმცა 2023 წელს მოხდა ეს ყველაფერი და მას არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო დანიშნულება აქვს, ეს სამხედრო დანიშნულება როდის და როგორ დასჭირდება მომავალში რუსეთს, არავინ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რუსეთ არის აგრესიული სახელმწიფო. მქონდა ინტერპელაცია ილია დარჩიაშვილის, როდესაც სამარცხვინო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ორი რამ იყო გასაკეთებელი – ერთი ის, რომ თვითონ ფრენების აღდგენა პირდაპირ უკავშირდება Chicago-ს და ICAO-ს პრინციპებს. ICAO-ს 2006 წლიდან სოხუმის აეროპორტისთვის კოდი ჰქონდა გაუქმებული, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ICAO-სთან ერთად საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის კუთხით მუშაობა და რუსეთისთვის პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართალი დიდად არ ადარდებს. მეორე – ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც აქამდე სამხედრო სუვერენიტეტის გარანტები იყვნენ და თუ რამე მოხდებოდა დასავლელ პარტნიორებს მივმართავდით, რომ პოზიცია გამოეხატა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პარტნიორებთან არც ღია და არც დახურული, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ჩუმი თანხმობა, გარიგება. ის, რომ თბილისში პირდაპირი ავიახაზებით რუსული ავიახაზები დაფრინავს და სოხუმშიც დაიწყება ეს აქტიურად, ივანიშვილის რეჟიმის თანხმობის გარეშე არ გამოვიდოდა. ეს, ერთი მხრივ, ფულის საკითხი და სანქციებისთვის თავის არიდებაა, გრძელ ვადაში კი ეს არის საფრთხე სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა შეფასებებზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა „ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაა“.
მისივე თქმით, „ამ კაცს საქართველო სჭირდება როგორც თავისი კანტორა, რომელსაც თავისი ფულისთვის გამოიყენებს“.
„თუ ამანათს გამოწერთ 300 ლარზე ზევით ევროპიდან ან ამერიკიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადს იხდით. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შემოიტანა მილიონობით ქონება ისე, რომ 1 თეთრი არ გადაუხდია, ეს ფული ბიუჯეტს და ხალხს დააკლო. ის არის ჩვეულებრივი მატყუარა და რეალურად, ბიუჯეტის ქურდი, თუმცა ამას თავისი უმრავლესობის ხელშეწყობით აკეთებს“,- განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდიას განცხადებით, ივანიშვილი „თავის ინტერესებს არგებს ყველაფერს“.
„როდესაც ერთი კაცის ინტერესზე ვსაუბრობთ, ყველას ახსენდება აბსოლუტიზმის ხანა საფრანგეთში, ლუი მე-14 ამბობდა – „სახელმწიფო ეს მე ვარ“. მან [ივანიშვილმა], რომელიც ერთი ჭორვილელი კაცია, გადაწყვიტა, რომ აბსოლუტიზმის ხანაში უნდა დააბრუნოს ქვეყანა, თავის ინტერესებს არგებს ყველაფერს“,- განაცხადა აქუბარდიამ.
