რატომ არ შეიძლებოდა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! – ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა! – აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ტრიბუნიდან, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
აქუბარდიამ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს “რეპრესიული“ უწოდა და როგორც განაცხადა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯარში წასვლის მოტივაციის გასაზრდელად.
„რომელიმე პოლიტიკოსის, მთავრობის რომელი წევრის შვილი ჯარში წავიდა? ასეთი რამ ვიცით? – არ ვიცით! ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა. ეს კარგი იყო, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინათ და არა სახელმწიფო თვითმფრინავით გაეშვა შვილი სასწავლებლად?! ამ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ დამოკიდებულებები არ იცვლება“, – განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად კი, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: – რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან – 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.