თეონა აქუბარდია – პრემიერის მთელი ანგარიში სავსე იყო სიყალბით – ამის გამო შევედი ორი წუთით, რათა მისთვის მეთქვა, რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მთელი ის ანგარიში სავსე იყო სიყალბითა და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით , – ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.
აქუბარდიას განმარტებით, ის მხოლოდ ორი წუთით შევიდა სხდომაზე, რათა ეთქვა პრემიერისთვის, თუ როგორ ვნებს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს.
„მთელი ის ანგარიში სავსე იყო სიყალბითა და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით. მე ამის გამო შევედი სხდომაზე ორი წუთით, რათა მეთქვა მისთვის, თუ რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩამოვთვალე კონკრეტული სამი მაგალითი:
ერთი არის დევნილების მშვიდობიანი დაბრუნება; მეორე არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და მესამე იყო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ანგარიში, რომელიც პარლამენტის რეზოლუციით შეიქმნა და რომლის ვალდებულებაც მთავრობამ დადგენილი წესით აიღო. მიუხედავად იმისა, რომ თამაზ გინტური ოკუპანტებმა ახლახანს მოგვიკლეს, მისი მკვლელების ვინაობა „ქართულმა ოცნებამ“ არ დაადგინა. ამ ვითარებაში ანგარიშის ამოღება კიდევ უფრო უწყობს საოკუპაციო რეჟიმის დაუსჯელობას ხელს და კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, თუ ვის მხარეს არის „ქართული ოცნება“. მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მტრად აცხადებს, ხოლო ოკუპანტ რუსეთს, რომელიც საქართველოს მთავრობას სთავაზობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ისე, რომ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაზე უარს არ ამბობს, ამ ვითარებაში მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს ვუერთდებით მთელი ქვეყანა ს გავლენის სფეროში – ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა“ , – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ