„ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებითა და დასავლეთისადმი მტრული რიტორიკით საფრთხე შეუქმნა ქართულ ჯარს – ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ-სთვის გადატრიალებების მოწყობის ცრუ ბრალდებების და გლობალური ომის პარტიის დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26 მაისს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ფიცის დადების ცერემონიაში ამერიკული კომპონენტის ამოღებით უპასუხა, რაც მთავრობისადმი დემარშის გამოხატულებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ანტიამერიკულმა განცხადებებმა უკვე გამოიწვია საბიუჯეტო დახმარების შემცირება ჯარისთვის, რასაც 2023 წელს თავდაცვისთვის 72 მილიონი დოლარიდან წელს 55 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარების შემცირების ფაქტი მოწმობს.
მან საქართველოს მთავრობას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის დაზიანება.
„მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა მათი პოლიტიკით გამოწვეული ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება დაიყვანონ მხოლოდ მათი პირადი ვოიაჟების შეზღუდვის დონეზე, უკვე აშკარაა რომ ეს აზიანებს ქვეყნის გაცხადებული ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ინტერესებს, რაც გამოხატულია კონკრეტულად ჩვენი ჯარისთვის ამერიკული დახმარების შემცირებაში.
„ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებითა და დასავლეთისადმი მტრული რიტორიკით საფრთხე შეუქმნა ქართულ ჯარს, რომელიც საზოგადოებაში წლების მანძილზე საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა.
„ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიმდინარე წლის 29 აპრილს აშშ-სთვის გადატრიალებების მოწყობის ცრუ ბრალდებების და გლობალური ომის პარტიის დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპასუხა 26 მაისს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ფიცის დადების ცერემონიაში ამერიკული კომპონენტის ამოღებით, რაც მთავრობისადმი დემარშის გამოხატულებაა და რის შესახებაც აშშ-ს საელჩოს ოფიციალური განმარტება „დროების“ ეთერით წუხელ გასაჯაროვდა.
მმართველი პარტიის ანტიამერიკულმა განცხადებებმა უკვე გამოიწვია საბიუჯეტო დახმარების შემცირება ჯარისთვის, რასაც მოწმობს 2023 წელს თავდაცვისთვის 72 მილიონი დოლარიდან წელს 55 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარების შემცირების ფაქტი. თუმცა, ის რომ ამ დახმარების მიღებაც სათუო გახადა „ ქართული ოცნების“ ქმედებებმა, ეს პრემიერ კობახიძის 2024 წლის სამთავრობო ანგარიშშიც ნათლად ჩანს, სადაც ის ამ დახმარების მიღებას სავარაუდოს უწოდებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სავარაუდოდ გამომდინარე მტრული რიტორიკიდან და სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს კონგრესსა და სენატში ინიცირებული საკანონმდებლო აქტებიდან.
ის, რომ დღევანდელი ქართული ჯარი ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს ხალხში, სწორედ ამერიკული და ევროპული დახმარების შედეგია. ჩვენი ჯარისკაცები ნატოს ჯარებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა თუ ავღანეთში და ყველაზე მეტად სწორედ თავდაცვის უწყება იყო ნატოს სტანდარტებთან თავსებადი წლების მანძილზე. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მკვეთრად უარყოფითად აისახება არამხოლოდ ჩვენს საბრძოლო მზადყოფნაზე, რასაც არაერთი ერთობლივი სამხედრო სწავლება თუ შეიარაღების მიწოდება განაპირობებდა, არამედ მათ შორის სამხედრო განათლების უდიდესი შესაძლებლობაზე ჩვენი ოფიცრებისთვის.
საფრანგეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება (საგზაო რუკა), სადაც გამიჯნულია ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებანი მთავრობისგან და მოწოდება მთავრობაზე დაუბრუნდეს ამ კურსს, ასევე იმის მაჩვენებელია, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა არჩევნების გზით, ქვეყანა კარგავს ნატოს მხარდაჭერას, რომლის პირველადი მიმღებიც სწორედ ჩვენი ჯარი იყო წლების მანძილზე. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და “ქართულ ოცნებას” შეწყვიტონ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, განიხილოს ის მოსალოდნელი ზიანი, რაც ამ ვითარებაში მათი მოქმედებებით ჩვენს ჯარს მიადგება და აუხსნან საკუთარ ხალხს თუ რა ელოდება ამ პირობებში ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას,” – განაცხადა აქუბარდიამ.