ბატონ რაზმაძეს მიწა უნდა ეწვოდეს ღალატისთვის და იმ განცხადებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ჯარს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რითაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც თენგო თევზაძემ აღნიშნა, რაზმაძის შვილს, 5 წლის განმავლობაში, 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში აღებული.
„მთელი აგვისტოს განმავლობაში, ერთიმეორეს მიყოლებით, ვუყურებთ, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის წარმომადგენლები, აგვისტოს ომი საქართველოს დააბრალონ, პირველ რიგში ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ საოკუპაციო ჯარი გამოიყვანონ მშვიდობისმყოფელებად.
8 აგვისტოს ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ღიად დააბრალა საქართველოს ომის დაწყება, ხოლო გუშინ, წავიკითხეთ ბატონი რაზმაძის კომენტარი და განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თითქოს, ჰააგის მიერ, სამხედრო დანაშაულის ჩამდენი არმია მშვიდობისმყოფელია, ხოლო ქართული ჯარი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, ჩვენს ოჯახებს და სამშობლოს, ხულიგნებად გამოაცხადა.
რის ფასად უღირს ბატონ რაზმაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას მოღალატეობრივი განცხადებების და ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, რაზმაძის შვილს, 5 წლის განმავლობაში, 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში {აღებული}, მილიონერი ოჯახია, ღალატის ფასად მისი ოჯახი მილიონერი ხდება.
მისი ოჯახის წევრი კარიჭაშვილი, არის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი და 50 მილიონზე მეტი აქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება.
ეს ვაჟბატონი, ამის ფასად ყიდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ვაჟბატონები ვერ ეღირსებიან საქართველოს სრულ ოკუპაციას.
დღეს, საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტში და მასთან ახლო მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, მოვუწოდებთ, შეუერთდნენ 18:00 საათზე აქციას, ბატონ რაზმაძეს მიწა უნდა ეწვოდეს ღალატისთვის და იმ განცხადებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ჯარს, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
