თენგიზ ფხალაძე – ამ ეტაპზე ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი აშშ-სთან ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის

სავარაუდოდ, როგორ აისახება ევროკავშირის საქმიანობაზე ის, რომ როტაციის პრინციპით შემდეგი 6 თვე ევროპულ საბჭოს უნგრეთი უხელმძღვანელებს, ევროკავშირსა და საქართველოს, ასვე ამერიკა-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობებზე, ამ ფონზე საქართველოს გამოწვევებსა და იმაზე, სავარაუდოდ, რატომ იქნენ მიწვეული ნატოს ვაშინგტონის სამიტზე სამხრეთ კავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრები, „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

– ბატონო თენგიზ, მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხების შემდეგ ჩვენი ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ამ თემას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით.

მერვედფინალამდე მათ ჰქონდათ მატჩები თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან და 18 ივნისიდან 30 ივლისამდე მთელი საქართველო ფეხბურთით ცხოვრობდა.

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო. ნაკრების დებიუტი არა მარტო წარმატებული აღმოჩნდა და აალაპარაკა საფეხბურთო სამყარო, არამედ ქვეყნის შიგნით გააერთიანა გამარჯვებას მოწყურებული ერი.

მარტო ის რად ღირს, რომ ესპანეთთან თამაშამდე 7 დღის მანძილზე გუგლის საძიებო სისტემაში 375 მილიონმა ადამიანმა მოიძია საქართველო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ წარმატებული იყო, ფაქტია. ამ ჩემპიონატმა ისიც დაგვანახა რომ ჩვენში ფეხბურთს არა მარტო სპორტული, არამედ პოლიტიკური განზომილებაც აქვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას და იმას, რაც მათ გამოსვლას ქვეყნის შიგნით და გარეთ ახლდა?

– პირველ რიგში, მადლობა ჩვენს ნაკრებს. სიხარულის და სიამაყის განუმეორებელი წუთები გვაჩუქეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა თავისთავად უკვე წარმატებაა, ამას დაემატა ჯგუფში ღირსეულად თამაში, გამარჯვება საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან – პორტუგალიასთან და პლეიოფში გასვლა.

ესპანეთი უძლიერესი გუნდი და ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია. მასთან დამარცხება გასაკვირი არაა, თუმცა თავად ესპანელებისთვის და ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის სიურპრიზი იყო, რომ დებიუტანტი ნაკრები ევროპის ესოდენ გამოცდილ, ძლიერ და ტიტულიან ნაკრებს ბოლო წუთამდე ესოდენ შეუპოვრად ებრძოდა და თამაში დასაწყისში უგებდა კიდეც.

ჩვენ ვნახეთ შემდგარი ნაკრები, ლამაზი თამაში, გუნდურობაც და ინდივიდუალური ოსტატობაც. როგორც ერთი, რიგითი გულშემატკივარი, სიამოვნებით და სიამაყით ვადევნებდი თვალს ნაკრების თამაშებსაც და მსოფლიო პრესის გამოხმაურებასაც.

საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის სიურპრიზი და აღმოჩენა იყო. დარწმუნებული ვარ ის მეტი კარიერული განვითარების შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ფეხბურთელებს და მათი პროფესიონალიზმი კიდევ მეტად ამაღლდება.

მადლობა თითოეულს, მადლობა მწვრთნელს. ყველას წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს საქართველოს ნაკრებს მალე მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.

 გასულ კვირას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა. ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა ქვეყანა, რომელიც ევროპაში ს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყნად ითვლება.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უნგრეთის პრემიერი ორბანი ვიზიტად კიევში ჩავიდა. არადა, მანამდე უნგრეთი სთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმრავლესობას ბლოკავდა.

სწორედ ამის გამო, ევროკავშირის მთავრობებმა უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით მიიღეს გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების, 1. 4 მილიარდი ევროს უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

იმის გამო, რომ როტაციის პრინციპის გამო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა ჩვენი ქვეყნის მმართველ გუნდში ოპტიმისტური განწყობები ჭარბობს. არადა, უნგრეთის თავმჯდომარეობა იმით შემოიფარგლება, რომ ევროპული საბჭოების სხდომის თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.

არ ვიცით რა შედეგთ დასრულდება ორბანის ვიზიტი კიევში, მაგრამ მინდა გკითხოთ, უნგრეთს და მის პრემიერ ორბანს, უნგრეთის როტაციის პრინციპით მას და ეს ფაქტი რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ზოგადად და კონკრეტულად საქართველოსთვის?

– ვერ ვიტყვი, რომ უნგრეთის თავმჯდომარეობა ჩვენთვის რაიმეს ძირეულად შეცვლის. თავმჯდომარე ქვეყანას კენჭისყრისას ისევ ის ერთი ხმა აქვს, როგორც თავმჯდომარეობამდე ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ისეთ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა, რომლის გამოსწორებაც რთულია და ამას მხოლოდ ერთი ქვეყნის ლიდერთან მეგობრობა არ უშველის.

ევროკომისიის და წევრი სახელმწიფოების პოზიცია საჯაროდაა გაცხადებული: ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან და შეუძლებელს ხდის შემდგომ ინტეგრაციას.

ამ განაცხადის რეალობაში მოქმედებაც ასევე ვიხილეთ: სულ ერთი კვირის წინ ევროკავშირმა გახსნა მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოს შესახებ მხოლოდ იმ კონტექსტში მსჯელობდა, დაეწესებინა თუ არა სანქციები ახლა, თუ კიდევ მიეცა დრო საქართველოს ხელისუფლებისათვის ვითარების გამოსასწორებლად.

რაც შეეხება ვიქტორ ორბანის კიევში ვიზიტს, იგი ნამდვილად საყურადღებოა. ეს მისი პირველი ჩასვლაა კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ. უკრაინასა და უნგრეთს შორის რიგი საკითხებია, რაც საჭიროებს კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს. ამ შეხვედრიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არავინ ელის, მაგრამ თავად ვიზიტის ფაქტი უკვე მნიშვნელოვანია.

ამასთანავე ორბანმა განაცხადა, რომ გახსნის და დააფინანსებს პირველ უკრაინულ სკოლას უნგრეთში, რაც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე პოზიტიური ჟესტია. ამასთანავე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი რომ თავმჯდომარეობას სწორედ კიევში ვიზიტით იწყებს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად წევრი ქვეყნების განსხვავებული პოზიციებისა, უკრაინის საკითხი ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.

 ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები რომ ბევრი თვალსაზრისით გაუარესებულია, ვხედავთ. სამწუხაროდ, ასეთივე, რბილად რომ ვთქვათ, გართულებული ურთიერთობები გვაქვს -სთან.

ასეა იმის გამო, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებები და მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.

კანონის მიღების შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ ახლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გააუქმოს კანონი, რომლის გამოც, ევროკავშირმა გვითხრა – „ვიდრე ამ კანონს არ გავაუქმებთ, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დახურული იქნება“.

ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე როცა ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არა მარტო გამოაცხადა, შესაბამისი დოკუმენტებითაც დაადასტურა.

ამის ფონზე საქართველოს მთავრობა აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, არა რუსული, არამედ ევროპული კანონია. არადა ვენეციის კომისიამ ამ თემაზე ცხადად გვითხრა თუ რატომ არაა მიღებული კანონი ევროპული.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს და კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულებაში არსებული ვითარებით კარგი შედეგები გვაქვს.

ევროკავშირსა და ამერიკაში რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს, ფაქტია, ამ კითხვების არსებობის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ევროკავშირ-საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს?

– ევროკავშირთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ ჩვენს ხელთაა ვითარება უფრო დამძიმდება, თუ განიმუხტება. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია ამტკიცოს, რომ ვენეციის კომისიამ სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, ან რომ ევროპელმა ლიდერებმა და ევროკომისრებმა ევროპული კანონმდებლობა არ იციან, ან რომ ჩვენ ზოგადად ყველაზე კარგები და მაგრები ვართ, რომ სამყაროს მასონები და კუდიანები მართავენ და ა.შ. მაგრამ საქმეს ამით არ ეშველება. სანამ არ დავინახავთ საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას არ დავიწყებთ ევროპულიც და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები ფაქტობრივად გაყინულია.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა შეერთებულ შტატებთან. იქამდე მივედით, რომ ჩვენი მართლაც უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს უწესებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობს. ასეთი რამ ჩვენი ურთიერთობების ისტორიას არ ახსოვს. ურთულესი ვითარებაა. ერთის მხრივ, ვხედავთ ჩვენი პარტნიორების (როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირის) მცდელობებს, არ დააზიანონ წლობით ნაშენები პარტნიორობა საქართველოსთან.

ვხედავთ მათ მტკიცე ნებას იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით და დაეხმარონ მას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში, ხოლო მეორეს მხრივ, ვისმენთ ხელისუფლების უცვლელ რიტორიკას გლობალური ომის პარტიისა და კონსპირაციის თეორიების შესახებ და ვხედავთ მის იმ ნაბიჯებს, რაც ურთიერთობას გვიფუჭებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გვაშორებს ჩვენივე ეროვნულ ინტერესებს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის.

 აშშ-ს პრეზიდენტობისათვის ექს-პრეზიდენტი ტრამპი და მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი იბრძვიან.

ბაიდენის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ცნობილია. ტრამპი, მანამდე აცხადებდა რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ მიაწვდიდა უკრაინას იარაღს და შეუწყვეტდა დახმარებას, ახლა აცხადებს, რომ მისთვის უკრაინაში მშვიდობა პუტინის სცენარით მიუღებელია. თან, მისი პოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით საკმაოდ ხისტი და სწორხაზოვანია.

არადა, ცხადად ჩანს, რომ უკრაინასთან მებრძოლ და ევროპასთან დაპირისპირებულ რუსეთსა და პუტინს ზურგს უმაგრებენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ირანთან დაკავშირებითაც ტრამპის პოზიცია საკმაოდ შეუვალია.

დამკვირვებელთა უმრავლესობა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები, აშშ-ს სტრატეგიაში ცვლილებები არ მოხდება.

თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე? განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით?

– ერთია საარჩევნო კამპანიის განცხადებები და მეორე უკვე არჩეული პრეზიდენტის ქმედებები. აშშ-ს ეროვნული ინტერესები და საგარეო პოლიტიკა მთელი სისტემაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ არა ერთპიროვნულს. ამაზე ადრეც გვისაუბრია. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდმა (2016-2020) დაგვანახა მნიშვნელოვანი სხვაობა მის წინასაარჩევნო განცხადებებსა და საპრეზიდენტო ქმედებებში.

ტრამპის მმართველობის პერიოდში მოხდა ნატოს გაფართოებაც, იგივე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაც, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაც და კიდევ სხვა ნაბიჯებიც, რასაც ბევრი არ ელოდა.

ამიტომ, ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში შეერთებული შტატები იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. უკრაინაში შეჭრით რუსეთი თავად დაუპირისპირდა ცივილიზებულ სამყაროს. შესაბამისად მას პასუხი ბოლომდე მოეთხოვება.

რაც შეეხება ჩინეთს, ვფიქრობ მას საკმაოდ გონიერი ხელისუფლება ჰყავს საიმისოდ, რომ პუტინს პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გაჰყვეს.

 ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის არჩევნებმა დაგვანახა რომ ევროპის რიგი ქვეყნების საზოგადოებების განწყობებში გარკვეული ცვლილებებია მომხდარი. მემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალების მხარდაჭერა იზრდება. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ევროპა უფრო კონსერვატიზმისკენ იხრება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიული ძალების გაძლიერება ევროპაში მართლაც არის, რისი გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის პარტიის დამარცხება. ამის შემდეგ კი მაკრონის მიერვე დანიშნული საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები, რომლის პირველი ტურის შედეგებით პრეზიდენტ პუტინის კარგა ხნის პოლიტიკური პარტნიორი მარი ლე პენის პარტია ლიდერობს.

ევროპარლამენტში პოლიტიკურ ძალა კონფიგურაცია ახლა იმგვარია, რომ უკრაინის თემაზე სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში მაკრონის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საკმაო დრო აქვს.

რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინა-რუსეთის ომი და ისაა, თუ რით დასრულდება იგი, იმ შემთხვევაში თუ ტრამპის არჩევის შემთხვევაში აშშ აღარ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, თქვენი დაკვირვებით, გააგრძელებს თუ არა ევროპა ს დახმარებას იქამდე, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ?

– ევროპარლამენტის არჩევნებს რეალურად არაფერი შეუცვლია. ხელისუფლება ისევ იმ ძალებს აქვს, ვისაც აქამდე ჰქონდა. არ მესმის ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი რატომ ცდილობს განსხვავებული სურათის დახატვას. რაც რეალურად უნდა აწუხებდეს ჩვენს ხელისუფლებას, არის ის, რომ ახლად არჩეულ ევროპარლამენტში არ არის არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელთანაც „ქართულ ოცნების“ პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ევროპა ნათლად ხედავს, რომ რუსეთი უკრაინაში თუ არ შეჩერდა, ის უფრო აგრესიული გახდება და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც დაემუქრება. ამიტომ დახმარება გაგრძელდება და უფრო ეფექტიანიც გახდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს და სამხედრო წარმოებასაც. ვხედავთ, რომ იცვლება მათი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები და თავდაცვის დოქტრინები. აღარავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი პარტნიორია. პირიქით, ყველა ხედავს მისგან მომდინარე საფრთხეებს.

ევროპა არამხოლოდ ეხმარება უკრაინას, არამედ უკრაინასთან ერთად მსჯელობს ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, მუშაობს ევროპული უსაფრთხოების სცენარებზე. ცუდია, რომ ჩვენ ამ პროცესიდან ამოვვარდით. თუმცა ესეც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ!

– საქართველოსთვის ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ამ გლობალური პროცესების ფონზე ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია ყოველ დღე მატულობს. თან ორივე მხრიდან, როგორც ჩრდილოეთიდან, ანუ რუსეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ვგულისხმობ ჩინეთს, ისე დასავლეთიდან.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს ავლენს ჩინეთი, ვგულისხმობ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მის მონაწილეობას, ისე დასავლეთი, რომელმაც გვითხრა, რომ „თუ საქართველოს მთავრობა ანტიდასავლური კურსის გატარებას გააგრძელებს, საქართველოსთვის ევროპის კარი დახურული იქნება.“

შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, საქართველოს საფრთხეები იზრდება და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ის პროცესები, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევებია.

იგულისხმება ავტორიტარული ქვეყნების მმართველობის ამბიციები, რომელიც უკრაინაში ღიად ვლინდება, ხოლო რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში სხვადასხვა ჰიბრიდული ფორმებით.

იმ პროცესების ფონზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება და რაზეც გავამახვილე ყურადღება, საქართველოსთვის რა საფრთხეებია ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი? და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

– საფრთხეებიც და გამოწვევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა, ძირითადი ყველასთვის ცნობილია და ჩვენი მთავარი სატკივარიც – ოკუპაციაც არსად გამქრალა. საფრთხეები იმდენად დიდი და მზარდია, რომ თითქმის არც ერთ მათგანთან გამკლავება საქართველოს დამოუკიდებლად არ შეუძლია.

და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? დაპირისპირებაში შევდივართ იმ პარტნიორებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აძლიერებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“ – ილიას ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ჩვენს დღევანდელობას და საქართველოს მთავარი საფრთხეც სწორედ ესაა.

სანამ ამ პრობლემას არ გადავჭრით, მტრის და მოყვრის გარჩევას არ ვისწავლით, სხვა საფრთხეებს ვერ გავუმკლავდებით და იოლი სამიზნე ვიქნებით ნებისმიერისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილოელ აგრესორზე – რუსეთზე, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი დიდი ხანია ყელში ეჩხირება.

 მალე ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში ჩატარდება. ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, რაც უკრაინას უკავშირდება, მხედველობაში მაქვს უკრაინის ალიანსში მიღება-არმიღების საკითხი, ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი იქნება, ყოველ შემთხვევაში, ორგანიზატორები ასე ვარაუდობენ.

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მოხდა ევროპის წამყვან ქვეყნებსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას უკავშირდებოდა.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვიცით რომ მიწვეულია ნატოს მორიგ სამიტზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე ცნობილია, რომ ამ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

რას შეიძლება ნიშნავდეს ვაშინგტონის ნატოს სამიტის ორგანიზატორების მხრიდან ამ ფორუმზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიწვევა?

– ეს სამიტი საიუბილეოა და ყველა პარტნიორი მიწვეულია. აზერბაიჯანიც და სომხეთიც ალიანსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ და მათ მიპატიჟებაში გასაკვირი არაფერია.

აქ კითხვა სხვა უნდა დავსვათ: რატომ არის საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიწვეული, და არა პრემიერის დონეზე? ასეთი რამ უკვე მეორედ ხდება. შარშან ვილნიუსშიც იგივე იყო. ეს კი მხოლოდ ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. იმ კონსპირაციის თეორიებს, რომლებსაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს და პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს.

სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ პირველები ვიყავით ასპირანტ ქვეყნებს შორის. ახლა კი, უკვე ხსენებული მიზეზების გამო, უფრო დაბალ ეშელონში გადავინაცვლეთ. ეს კი ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე!

რაც შეეხება უკრაინას, ამ ეტაპზე მისთვის ალიანსში მოწვევის გადაცემა არ განიხილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინა სამიტიდან მიიღებს იმ ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას, რაც მის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს!

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი