აქტივისტმა გიორგი ჟამერაშვილმა შექმნა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] შიმშილობის შეწყვეტას მოუწოდებენ. პეტიცია დაახლოებით ორი საათის წინ შეიქმნა და ამ დროისთვის მას 1100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
“მან [თემურ ქათამაძემ] ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე და მისი თქმით სიცოცხლის ფასად აპირებს გააგრძელოს ეს ყოველივე. რადგან მისთვის საქართველოსთვის თავის გაწირვა საამაყოა.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, ამ პეტიციით გვსურს ვთხოვოთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჩვენ თითოეული თანამებრძოლი ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება”, – ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.
უკვე 35 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. გუშინ, 19 თებერვალს, მან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. გარდა ამისა, ის პრიტესტის ნიშნად, უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე.
თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
დაკავების შემდეგ, თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
