თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული 2 ე.წ. მილიციელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორ თანამშრომელს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორი თანამშრომლის – ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა დაასრულა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, “ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში, ამას შედეგად მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნეკნების ჩამტვრევა, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე”.
ოკუპირებული ს ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გაამართლა ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილ ბრალდებებში, გადააკვალიფიცირა მუხლი დაუდევრობად და მათ ჯარიმის სახით – 50 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ამასთან, სასამართლომ მათ 1 წლის ვადით აუკრძალა გარკვეული თანამდებობების დაკავება და გარკვეული საქმიანობის წარმართვა.
ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.