თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზ მილიციელებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზ მილიციელებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
ოკუპირებული გალის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
გამოძიება მათ დაკავებული პირის, თემურ კარბაიას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, „ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რასაც მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ნეკნების ჩამტვრევა, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე“.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილ ბრალდებებში, მუხლი გადააკვალიფიცირა დაუდევრობად და ჯარიმის სახით მათ 50 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
ამასთანავე, სასამართლომ მათ ერთი წლის ვადით აუკრძალა გარკვეული თანამდებობების და გარკვეული საქმიანობით დაკავება. ბრალდებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეზე, მიმდინარე წლის თებერვალში ზუგდიდში დააკავეს კიდევ ერთი პირი. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება და მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ბრალდებულნი იყვნენ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში.
ე.წ. პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში „მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა“.
„შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს – მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, კარბაიამ მარცხნივ ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები“, – ეწერა ე.წ. პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებდა, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე, იმყოფებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ” გაათავისუფლეს.
„კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა“, – წერდა ე.წ. .
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებდნენ.
თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, იგი სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ე.წ. მილიციელებმა სცემეს.

ასევე დაგაინტერესებთ