თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საგუნდო მუსიკის კონცერტით გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.
მსმენელის წინაშე გორის ქალთა კამერული გუნდი იოსებ კეჭაყმაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის, დები იშხნელების, ოთარ დიხამინჯიასა და მერაბ გაგნიძის ნაწარმოებებით წარდგა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19-25 სექტემბერს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ფესტივალის დამაარსებელი, გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი, გორის ქალთა კამერული გუნდი, ამავე გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი თეონა ცირამუა, დირიჟორები – მირიან ხუხუნაიშვილი და კახი სოლომნიშვილი, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის -„ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები. გაიმართება საუბრები მუსიკაზე და მასტერკლასები სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
