თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს უკვე მიიღებს

თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი განცხადებით, უკვე დასრულებულია თელავის აეროპორტის პროექტირება როგორც სააეროდრომო, ისე სატერმინალო და სახმელეთო მიმართულებით.
„უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან. თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ. ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.