ირანის უმაღლესი ოფიციალური პირები დღეს, 1 აგვისტოს, რეგიონის მოკავშირეთა წარმომადგენლებს ხვდებიან. მას შემდეგ, რაც თეირანში “ჰამასის” ლიდერი მოკლეს, თეირანს სურს, ლიბანში, ერაყში და იემენში მის მოკავშირეებთან ერთად, ისრაელის წინააღმდეგ პოტენციურ შურისძიებაზე იმსჯელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “როიტერს” ხუთი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ფართო კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდა. ოთხშაბათს თეირანში ისმაილ ჰანიე მოკლეს, “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში კი – “ჰეზბოლას” ლიდერი მოკლეს. ორივე დაჯგუფებას ირანი აფინანსებს, თუმცა თეირანი ამას უარყოფს.
წყაროების ცნობით, ირანთან შეხვედრაზე იქნებიან “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრებიან იემენში თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, ლიბანიდან – “ჰეზბოლას” წევრები და ერაყის წინააღმდეგობის ჯგუფების წარმომადგენლები.