შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში პარტიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
თეიმურაზ პაპასკირის განმარტებით, პიროვნულად განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, პარტიაში ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
„განსხვავება ამ შემთხვევაში პირად დამოკიდებულებაშია. მაგრამ ერთ რამეზე ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა თეიმურაზ პაპასკირმა.
რაც შეეხება პარტიის ლიდერებს, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას, თეიმურაზ პაპასკირის შეფასებით, ორივე მათგანი განახლებასთან და წარმატებასთან ასოცირდება და „წარსული ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია“.
„ხშირად აღნიშნავენ, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია ძველი სახეები არიან, მაგრამ ნიკა მელიამ ხომ განახლება დაიწყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არ აცადეს. რეალურად იძულებული გახდა დაეტოვებინა პარტია ან საერთოდ დაატოვებინეს პარტია. ის განახლებაზე ფიქრობდა იმისათვის, რომ ახალი ამომრჩეველი მოეყვანა. მან ახალი ამომრჩეველი მოიყვანა კიდეც და ჩვენ ეს ვნახეთ გლდანში. გლდანი ერთადერთი მაჟორიტარული უბანია თბილისში, რომელიც ოპოზიციამ მოიგო. რატომ მოიგო? – იმიტომ, რომ ნიკა მელიამ მოიყვანა „არანაცი“ ამომრჩეველი.
ნიკა გვარამიასთანაც მუდმივად სიახლე, მუდმივად წარმატებაა დაკავშირებული. ნიკა გვარამიას 19 დღეში შექმნილი „მთავარი არხი“ ახსოვს მოსახლეობას. არაფრისგან შექმნილი არხი, რომელმაც ძალიან სწრაფად რეიტინგში გადაასწრო სხვა არხებს და გახდა მთავარი ოპოზიციური არხი. წარმატების სიმბოლოა.
რაც შეეხება წარსულს, წარსული ყველას აქვს და ამომრჩევლის 90%-ს საქართველოში თავის დროზე შემოხაზული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, წარსული ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩერჩილიც არ მოსწონდათ“, – განაცხადა თეიმურაზ პაპასკირმა.