თეთრი სახლის განცხადებით, “ახლა სწორი დროა” საიმისოდ, რომ ისრაელმა შეამციროს ღაზაში თავისი ომის მასშტაბი – ისრაელის ლიდერები კი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ოპერაციას ღაზის მმართველი ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
14 იანვარს 100 დღე შესრულდა ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის დაწყებიდან. და ამ განცხადებებმა გამოავლინა პოზიციების მზარდი განსხვავება ორ ახლო მოკავშირეს შორის.
14 იანვარს ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა დარტყმები მიიტანეს სამიზნეებზე ლიბანში, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ამ თავდასხმებს ჩრდილოეთ ისრაელში ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ ომის დაწყება მოჰყვა 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმას, რასაც ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები.
ღაზაში ომის შედეგად დაღუპულია 24 000-მდე პალესტინელი, განადგურებულია რეგიონის დიდი არეალები, ღაზის 2,3 მილიონი მოსახლიდან 85 პროცენტი სახლებიდანაა წასული, მოსახლეობის მეოთხედი შიმშილობს.