თეა წულუკიანი – ფაქტებზე დაფუძნებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი

ფაქტებზე დაფუძნებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი – ომი აწარმოეს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება, ამ შუალედური ანგარიშის ეტაპზე გაკეთდეს, რაც თავის მხრივ, უკვე სავალალო შედეგია, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის 28 აპრილის ჩათვლით შუალედური ანგარიში წარადგინა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სასამართლოებში დამტკიცდა ის, რომ ქართული ჯარი ამ ომში იყო მართალი.
„თქვენ ალბათ ყველამ ნახეთ, სამარცხვინო სხდომები, თუ სამარცხვინო გამოსვლები სხდომებზე, რომელიც ჰქონდა ზოგიერთ მაშინდელ მაღალჩინოსანს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ეს იქნება ჩვენი დასკვნის ერთ-ერთი ძირითადი თავი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენ საზოგადოებას, და პირველ რიგში, ჩვენ ჯარს, რომ ჩვენ ვარ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარის და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. ეს მოხდა 2012-2020-2021 წლების პერიოდში, როდესაც ჩვენ, ყველა სასამართლო პროცესი მაღალკვალიფიციურ დონეზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვაწარმოოთ. დამტკიცდა ის, რომ ქართული ჯარი ამ ომში იყო მართალი, ვინაიდან იცავდა თავის სამშობლოს, ქართულ სახელმწიფოს, მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით წმენდა ჩატარდა საომარ არეალებში მდებარე სოფლებში, დაბებსა და ქალაქებში, რომ დევნილებს აქვთ დაბრუნების უფლება. ეს წერია ყველა გადაწყვეტილებასა და განაჩენში და რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური, ჩვენი სამხედრო ტყვეები მტერმა სახელმწიფომ, ოკუპანტმა სეპარატისტებთან ერთად აწამა და რომ ისინი, იმ მომენტში, როდესაც არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, აღარ იყვნენ კომბატანტები“, – განაცხადა წულუკიანმა.
ს განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები და კომისიის წევრების მიერ აგვისტოს ომის საკითხის განხილვა ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, შემდეგს – შეაფასონ მაშინდელი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილებები და საქმიანობა.
„ფაქტებზე დაფუძნებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი. უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს სამხედრო პირებს, გენერალურ შტაბს და ყველა იმ კომპეტენტურ პირს, ომის წარმოების საქმე და სამხედრო საქმე ვისაც ესმის, მის უკან კარიერა აქვს და გამოცდილება უმაგრებს ზურგს, აქვს გამოცდილების შესაბამისი ჩინიც და სიტყვა ეთქმის, მათ ჰქონდათ შემუშავებული სამხედრო გეგმა, რომელიც ასევე მოიცავდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ნაწილს და სამედიცინო, საველე-საჰოსპიტალო და ასევე სხვა სამედიცინო მომსახურების ნაწილს. ეს იყო სრულფასოვანი სამხედრო გეგმა, რომელიც პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა გვერდზე გასწიეს, რბილად რომ ვთქვათ და ომი აწარმოეს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება, ამ შუალედური ანგარიშის ეტაპზე გაკეთდეს, რაც თავის მხრივ, უკვე სავალალო შედეგია.
საკითხის კვლევა გრძელდება, რომ მიდგომამ, სამხედროები არა პირველ პლანზე და არა გადაწყვეტილების მიმღებები, არამედ პოლიტიკოსები აწარმოებენ ომს, მოგვცა ის, რომ რეალურად, მთავარი მიზანი, როგორც იკვეთება ჩვენდა სამწუხაროდ, ტრაგიკულია ეს ყველაფერი, მაგრამ ასე იკვეთება, მთავარი მიზანი არ იყო ომის წარმოება მინიმალური დანაკარგებით. პირიქით, სავარაუდოდ, იკვეთება ის, რომ ომის წარმოების დროს მიზანი იყო ომის წარმოება მაქსიმალურად მაღალი, მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით. სავარაუდოდ, ეს, ასე იკვეთება. ჩვენ ამ მიმართულებით რამდენიმე პირის გამოკითხვა გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ომის მსხვერპლი იყო არამხოლოდ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა, ვინაიდან აგვისტოს ომის შედეგად დამატებით ასეულობით სოფელი დაიკავა ს ფედერაციამ, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, აფხაზეთში დაკარგა დიდი ტერიტორია „დალის ხეობის სახით“, არამედ ომის მსხვერპლი იყო ქართველი ჯარისკაციც.
„ომის მსხვერპლი იყო ქართველი ჯარისკაცი, რომელიც გაწირა საკუთარმა პოლიტიკურმა, მაშინდელმა ხელისუფლებამ. ამიტომ, ჩვენ ეს სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ დღეს, ჩვენს ადგილზე იქნებიან და იქნებიან სახელმწიფოს მმართველები და მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ვერ უნდა განმეორდეს და რომ ქართული ჯარი არავის და არცერთი პოლიტიკოსის სათამაშო არ უნდა იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.