თეა წულუკიანი: გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში, ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან

„გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში, ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან.
…არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა, მაგრამ, ფაქტია, გაიქცა. შეიძლება, გაიქცე და გამოიქცე მერე მაგრამ, ამ შემთხვევაში, გაქცევას ჰგავს ეს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონმა გახარიამ წავკისში, მის საცხოვრებელ მისამართზე პირადად ჩაიბარა შეტყობინება 16 ივნისს, ხელი მოაწერა და სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით ბოდიშებიც იხადაო – „ვერ გაგიღეთ წინა დღეებში კარი” და ა.შ., მას მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ გადის ქვეყნიდან.
…ის გავიდა ქვეყნიდან და უკვე უცხოეთიდან შეატყობინა კომისიას, რომ „მე ვერ მოვდივარო”. ონლაინ ჩართვაზე კომისიის არცერთი წევრი არ ვართ თანახმა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” გუშინ, 22 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი გახარია მზადაა მეორედ წარსდგეს წულუკიანის კომისიის წინაშე, ოღონდ ონლაინ, რადგან პარტიის ლიდერი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
„კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.