თეა წულუკიანი: ასეთ ბომბონერში გაზრდილი 49 წლის ყმაწვილები ჩემთვის ავტორიტეტები ვერ იქნებიან

“ასეთ ბომბონერში გაზრდილი 49 წლის ყმაწვილები ჩემთვის ავტორიტეტები ვერ იქნებიან და მითუმეტეს მათ გამონათქვამებზე პასუხებს ვერ გავაკეთებ”, –  განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას თანაგუნდელის გიორგი შარაშიძის ბრალდებებზე პასუხად.

„ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი ვინ იყო ეს ადამიანი [გიორგი შარაშიძე] და გუშინწინ რომ ჰქონდა გამოხდომა, შემდეგ დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ ის თურმე გამოცემით „Ok magazine” ებრძოდა ნაციონალებს და ჩვენ არაფერი გვიკეთებია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ ლოგიკურია კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გახდა 20 ივნისის საქმის შემდეგ გახარია პრემიერი მინისტრი.

„ის პასუხი, რაც მე მაქვს, იუსტიციის მინისტრის რანგში მაშინ ამ ყველაფრის შემყურე ვიყავი, არის ის, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც გახარია რჩებოდა შინაგან საქმეთა მინისტრად, არავითარი ხელშეშლა, რომ გამოძიება მალევე დაწყებულიყო არ ჰქონია. სტრასბურგში ამ ნაწილში მაინც არ დადგინდა დარღვევა. როდესაც გამოძიება დაიწყო, მართალია გარკვეული გაჭიანურებით, მაგრამ არაერთი ადამიანი დაზარალებულად იქნა ცნობილი. ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეს გამოძიება მიდიოდა ისე, რომ რეალური შედეგები არ დამდგარა, გახარიას, როგორც ერთი ინდივიდის წინააღმდეგ არ ყოფილა ისეთი მტკიცებულებები, რომ ის მიცემულიყო პასუხისგებაში. შესაბამისად, მას გამოუცხადა გუნდმა ნდობა, ალბათ იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ სამართლებრივი მიზეზები ეს არის. მერე როგორი იყო მისი ქცევა პრემიერ მინისტრის რანგში, ხომ არ უწყობდა თავად ხელს, რომ გაჭიანურებულიყო გამოძიება, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ალბათ ეს ლეგიტიმური კითხვაა, რომ თავის დროზე დაისვას, თუმცა მე პროკურატურის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა თქვა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ.

„20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა მკაფიოდ, რომ არაერთი დაზარებულის შემთხვევაში არ ყოფილა გამოკვლეული დაშლის სპეცოპერაციის პასუხისმგებელი პირების საკითხი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებული იყო ეს გამოეძიებინა. ახლა პროკურატურა ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუქციას, მიჰყვება მთლიანად ჩვენი სამართალმდაცავი სისტემა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს, რომ დიდწილად სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაციას, მთავრობის მიერ მიწოდებულ საგამოძიებო მასალებს და მაშინდელი სახალხო დამცველის ანაგარიშებს, მათ შორის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირების ნაწილში. თუ „Ok magazine”-ის რედაქტორი დაინტერესდება, შეუძლია ლომჯარიას გაურჩიოს საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები და ჩორჩანის ეპიზოდი – საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.