თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე ალბი კორძაიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე აქტივისტ ალბი კორძაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას შემდეგ, რაც 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას თქვა ფრაზა „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს. სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ედავებოდა აქტივისტს შესაძლო სამართალდარღვევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით უწოდა „ს მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კორძაიას ქმედებით არა მხოლოდ თეა წულუკიანს შეექმნა დისკომფორტი, არამედ „სხვა მოქალაქეებიც შეწუხდნენ“.

„საღამოს საათებში ხდებოდა აღნიშნული მოქმედება, ისეთ დროს, როდესაც ადამიანები ისვენებენ – შაბათს, დასვენების დღეს და აგრეთვე ინფორმაციის სახით გაწოდებთ, რომ ქალბატონი თეა არ ცხოვრობს ამ სახლში მარტო, ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და შესაბამისად, თავის მხრივ,  შეიძლება ადამიანს პროტესტის გამოხატვა გსურდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სად, რა ფორმით და როგორ გამოხატავ.

ოჯახის წევრებს ნამდვილად არ აქვთ და მათ შორის, არც ქალბატონ თეას, იმგვარი თმენის ვალდებულება, რომ ამგვარი მოქმედება მათთვის ნორმალური ან ჩვეული უნდა იყოს – მინიმუმ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ის, თუ რას საქმიანობს მშობელი, ნამდვილად არ უნდა ეხებოდეს მცირეწლოვან ბავშვს, მის ფსიქიკას. შესაბამისად, აღნიშნული მოქმედება ნამდვილად არ იყო მცირე მნიშვნელობის და აქედან გამომდინარე, ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას“, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

დაცვის მხარის განცხადებით, მუხლი, რომლის დარღვევასაც შსს ალბი კორძაიას ედავებოდა, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს, თუმცა საქმეში არ დევს ს პოლიტიკური თანამდებობის პირის ამსახველი დოკუმენტაცია – მათ შორის, ის მითითებული არ არის სამართალდარღვევის ოქმშიც.

ალბი კორძაიამ სხდომაზე განაცხადა:

„საღამოს საათებში, რომელიც არ იყო ღამე, მივედი წულუკიანთან და ვთქვი, რაც იყო სათქმელი. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, რომ არ ყოფილიყო პრეისტორია, რომ არ ეთქვა, რომ ანწუხელიძე არის პიარს შეწირული ადამიანი“, – თქვა მან. 

ალბი კორძაია წულუკიანის სახლთან ორჯერ იყო მისული. პირველად 11 აპრილის ღამეს და მისი თქმით, ამ დროს აქციაზე ხმის გამაძლიერებლით არ უსარგებლია. მეორედ ის წულუკიანის სახლთან 12 აპრილს მივიდა.

სხდომაზე კორძაიამ აღნიშნა, რომ ოქმში შსს-მ ამ ორი საღამოს გარემოებები აურია. მისი განცხადებით, სამართალდარღვევის ოქმი „თავიდან ბოლომდე არის ყალბი”.

„ვიდეოდან დავადგინეთ, რომ „რუსეთის მონა“ არ არის ნათქვამი და ოქმში წერია სიცრუე. დრო, რომელიც გაქვთ მითითებული, არის სიცრუე და ოქმშიც რომ წერია სხვა მოქალაქეები იყვნენო, ესეც სიცრუეა.

სიტყვა, რომელიც ნათქვამი არ არის, ჩაწერილი გაქვთ. დრო, რომლის დროსაც რეალურად იქ არ ვიმყოფებოდი, მითითებული გაქვთ და რეალური სურათიც კი არ არის წარმოდგენილი რა ხდებოდა იმ საღამოს. რაღაცა სიუჟეტია შექმნილი, მიწერილია დრო, რომელიც თქვენ მოისურვეთ და სიტყვები მიმაბით, რომელიც არ მითქვამს – ანუ ოქმი არის თავიდან ბოლომდე ყალბი და რას განვიხილავთ აქ საერთოდ?”, – თქვა კორძაიამ.

პროცესზე დაიკითხა ოქმის შემდგენელი პოლიციელი გიორგი გოგოლაძე, რომელმაც თქვა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა და სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოახდინა ალბი კორძაიას იდენტიფიცირება.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მოწმეს ჰკითხა, რა იცის თეა წულუკიანის ოჯახურ მდგომარეობაზე, რაზეც პოლიციელმა თქვა, რომ წულუკიანი დაქორწინებულია და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

მისივე ინფორმაციით, ოჯახი ამ დროს სახლში იმყოფებოდა. ადვოკატის შეკითხვაზე, საიდან ფლობს მოწმე ამ ინფორმაციას, გოგოლაძემ განაცხადა, რომ წულუკიანის არასრულწლოვანი შვილის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციიდან მიიღო.

სხდომაზე განიხილეს ვიდეომტკიცებულებებიც, რომელშიც ისმის ფრაზები: „ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა; თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია, ის პიარს არ შეეწირა, სამშობლოს შეეწირა; წულუკიანო, შენ რუსო, ქვეყნის მოღალატე“.

წყარო