„ქართული ოცნების“ პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინიციატივაა ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართონ. ამის მიზეზად სხდომაზე პოლიტიკოსის გამოუცხადებლობა დაასახელდა.
დღეს, 25 მარტს საგამოძიებო კომისიაში განიხილავდნენ შპს „მაგნატის“ საქმეს და ესაუბრებოდნენ ამ კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს. ის წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დააპატიმებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც.
„ამ კომისიას [მამუკა ხაზარაძემ] უწოდა ცირკი და თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს… კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა“, – თქვა წულუკიანმა.
მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ცირკს უწოდებს ამ საგამოძიებო კომისიას:
„მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!.. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ“.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
წულუკიანის თქმით, დღესვე შპს „მაგნატის“ საქმეზე დაბარებულია მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძეც. ორივე მათგანი „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს „თიბისი ბანკის“ მეწილეებთან ერთად, ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ.
წულუკიანის თქმით, ჯაფარიძემ უარი თქვა მათგან გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებაზე. მისი სიტყვებით, პოლიტიკოსს დროს აძლევენ კომისიის სხდომაზე გამოსაცხადებლად:
„ის კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს“.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
ფორუმი
