9 მარტს, პოლიციის ერთ დღეში მესამედ მისვლის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობას ტოვებენ და ამბობენ, რომ პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ.
დღეს თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია სამჯერ იყო გამოძახებული.
მეორე ჯერზე მათ 5000-5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს სტუდენტებს, რომელთა პროტესტიც უნივერსიტეტის შენობაში 80 დღეზე მეტი გრძელდებოდა.
სტუდენტების ინტერესების დამცველი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯარიმის გამოწერის შემდეგ, განმეორებითი დანაშაულისთვის, სტუდენტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებოდათ.
პროტესტის მონაწილე სტუდენტები “ქართული ოცნების” მიერ ახლახან მიღებული კანონით დასაჯეს, რომელიც დახურულ სივრცეში არასანქცირებული პროტესტის გამართვას კრძალავს.
სწორედ ამიტომ, როცა პოლიცია მესამედ მივიდა, მათ გადაწყვიტეს, შენობა დაეტოვებინათ.
დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს დაკავებული სივრცის გამოთავისუფლება დეზინფექციის გამო სთხოვა. სტუდენტების თანახმად, მათ ადმინისტრაციას შესთავაზეს ალტერნატიული სივრცე, სადაც პროტესტს გააგრძელებდნენ.
იმ დროისთვის შენობაში 20-ზე მეტი სტუდენტი იყო. ადვოკატის თქმით, დაჯარიმებულია ცხრა მათგანი.
საპასუხოდ, ადმინისტრაციამ მათ თავად შესთავაზა სივრცე, რომელიც, სტუდენტების თქმით, ზედმეტად მცირე იყო. სტუდენტების უარის შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს.
რადიო თავისუფლება თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია.
სტუდენტების ინტერესების დამცველი ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დღეს გამოწერილი ყველა ჯარიმის გასაჩივრებას აპირებენ და საქმის საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებაც სურთ.
ფორუმი
