თეატრალურის რექტორი საუბრობს, რა შემთხვევაში გადახედავს სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხს

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი მზად არის გადახედოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხს შეეხება.
„იქ არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც მათ შეუწყდათ სტატუსი, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი. მათ აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ – ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია“, – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
სტუდენტებს სტატუსი 10 მარტს შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა – ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.
უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს – მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით.
გიორგი შალუტაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე პროცესი სასწავლო პროცესს უშლიდა ხელს:
„მე არცერთი მათგანის სტუდენტებისადმი და უნივერსიტეტისადმი კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება… ისინი არ არიან კეთილები ან ბოროტები… მათ წინაშე იყო ფაქტები – საუბარი არ იყო იმაზე, რომ ერთი პუნქტი დაირღვა ან ორი. ლაპარაკია ათამდე პუნქტის დარღვევაზე. რეალურად რაზე, რომ სასწავლო პროცესის დაწყება გახდა შეუძლებელი – ეს [რაც] არის ჩვენი ვალდებულება… ეთიკის კომისიის ყველა წევრი მოქმედებდა ეთიკის კოდექსით და არა თავისი კეთილგანწყობით…
[ამ სტუდენტების] გარიცხვა არავის არ სურს. არც ამ საბჭოს წევრებს არ სურდათ. მათაც კარგად იცოდნენ, რომ ვალდებული იყვნენ წესდების მიხედვით ემოქმედათ – ისიც, რომ მე შემეძლო ამ გაუქმება, მათთვის კარგად ნაცნობი იყო. რეალურად, ეს არის გაფრთხილება და არა – შეწყვეტა“.
ეთიკის კომისიაში მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს სამდღიანი ვადა აქვთ.
„თუ ჩვენ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შევთანხმდებით (არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი და პროტესტი გაგრძელდეს ასეთი ტიპის ჩარჩოში) დანარჩენზე შევთანხმდებით…“ – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა.
გიორგი შალუტაშვილის სტუდენტების მიღებული განაცხადების განსახილველად ერთთვიანი ვადა აქვს. მისი დასტურის გარეშე უნივერსიტეტიდან სტუდენტის გარიცხვა შეუძლებელია.
100 დღეზე მეტია, გასული წლის 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების (რომელთა რაოდენობაც 50-ს აღემატება) გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა მათგანი რეჟიმის ტყვეა.
ფორუმი