თბილისში, ტრდელნიკების ახალი კაფე “მელო” გაიხსნა, ინვესტიცია 80 000 ლარია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 86 ნომერში ახალი კაფე – “მელო” გაიხსნა, რომელიც ტრდელნიკების, იგივე ჩიმნი ქეიქების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს. დესერტების ღირებულება 8-დან 17 ლარამდე მერყეობს.
როგორც BMG-ის „მელოს“ დამფუძნებელ კომპანია Franchise Hub Georgia-ში განუცხადეს, კაფე ამჟამად 15-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
კომპანიის წარმომადგენლები ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ და უკვე სექტემბრიდან, მომხმარებელს ახალ ფილიალს „ბაზარი ორბელიანზე“ შესთავაზებენ.
„ტრდელნიკი საქართველოში საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, გვსურდა მომხმარებლისთვის ხარისხიანი და გემრიელი დესერტი შეგვექმნა, საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ მთელმა გუნდმა, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან „მელოს“, როგორც ქართული პროექტის გაყიდვასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ, გვჯერა, „მელო“ წარმატებული იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს „მელოს“ თანადამფუძნებელი რატი მიხანაშვილი.
„მელოს“ შემქმნელებს სურთ, რომ კაფე თანამედროვე ბრენდის ისეთ სახედ იქცეს, სადაც თითოეული კომპონენტი – გემო, მომსახურების ხარისხი და ემოცია ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნება.
„ტრდელნიკების ახალი სივრცე დედაქალაქში თითქმის ერთი თვეა გაიხსნა, თუმცა მომხმარებლების კმაყოფილებას უკვე ვგრძნობთ და თითოეული ადამიანის შეფასებას ვითვალისწინებთ“, – ამბობენ „მელოში“.
როგორც კომპანიის დამფუძნებლები აღნიშნავენ, ისინი „მელოს“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანასაც გეგმავენ, რაზედაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. კომპანიის მიერ განხორციელებული საწყისი ინვესტიცია კი, 80 000 ლარს აღწევს.