თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს

თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს.
როგორც პოლონური მედია წერს, ინციდენტი ოთხშაბათს, 8 ოქტომბერს, მოხდა, მას შემდეგ რაც, ოფიცრებმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთობლივად ორგანიზებული დაბრუნების ოპერაცია განახორციელეს.
მათი ცნობით, დაბრუნების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ქართველები და პაკისტანელები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ პოლონეთი.
პოლონური მედია წერს, რომ თბილისში მყოფ პოლონელ ოფიცრებს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ თავს.
პოლონეთის მოქალაქეებზე თავდასხმას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებით, მომხდარის გამო დაკავებულია 2 პირი.
როგორც აცხადებს, ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
მათივე ცნობით, მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ისინი ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავებულ ორ ოფიცერი თავის არეში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.