თბილისში მტკვრის ჯებირისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება 4,7 მილიონი ლარი ჯდება

თბილისში, დიდუბის რაიონში – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარის დაზიანებული ჯებირის შეკეთება და ინფრასტრუქტურის აღდგენა 4,7 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები ტენედერის გარეშე – პირდაპირი შესყიდვის წესით ტარდება.
„აღნიშნულ სამუშაოებზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობის ინტერესებს და უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით, აგრეთვე სამუშაოების დროულად ვერ განხორციელების შემთხვევაში იქმნება მუნიციპალური ქონების დაზიანების საფრთხე“, – აცნობა თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს.
წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1 აპრილიდან 7 აპრილამდე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირვება. 8 აპრილს დაბზარული ნაწილი ჩაინგრა, გუშინ, 9 აპრილს კი ადგილზე ბულდოზერები გამოჩნდა და მიიტანეს სამშენებლო მასალებიც.