მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, “ახალი თეატრის” ტერიტორიიდან დაიძრა.
ასევე, მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ გიორგი ახობაძისა და საბა სხვიტარიძის მეგობრები, ნათესავები და მხარდამჭერები.
კიდევ ერთი დაკავებულის, ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები და ნათესავები ავლაბრის მოედნიდან დაიძრნენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ მათე დევიძისა და ანრი კვარაცხელიას მხარდამჭერები.
ასევე იმართება ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში. მედიის წარმომადგენლებმა და მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყეს მსვლელობა.
საბოლოოდ, ყველა ეს მარში ერთ საპროტესტო აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკვე 58-ე დღეა პროტესტი არ წყდება.
თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი – 50-მდე. მათ შორისაა “ახალი თეატრის” მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.