თბილისში გაისხნა „თბილისის აბრეშუმის გზის“ მეხუთე ფორუმი. “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის თქმით, მასში მონაწილეობენ გლობალური ლიდერები – 2000 -ზე მეტი დელეგატი 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფორუმის მონაწილეებს შორის არიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – გაეროს, „მსოფლიო ბანკის“, „აზიის განვითარების ბანკის“, „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (BSEC) ) და სხვა.
ირაკლი კობახიძის თანახმად „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა” და ფორუმი “იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება”.
“ათი წლის განმავლობაში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი წარმატებული პროექტები დაიგეგმოს”, თქვა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ “ამ პლატფორმის შედეგად მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა, რაც მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა, ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი”.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საშუალებით, არამედ მათთან საზღვრების გახსნით. სიხარულით ვადასტურებ, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული ამ მიმართულებით”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ისაუბრა აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარებაზე.
„აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მადლობას ვუხდი მას ამ ნაბიჯისთვის, გადაწყვეტილებისთვის და ამ ინიციატივას მივესალმები. თვეების წინ ეს ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით. ეს ბარიერები მოიხსნა ირაკლი კობახიძისა და ყასიმ-ჟომართ თოყაევის ძალისხმევით. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს”, – თქვა ფაშინიანმა.
მოგვიანებით კითხვა- პასუხის ფარგლებში ფაშინიანმა ისტორიის გაანალიზების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
“ისტორია ცხადყოფს, რომ როცა ერთმანეთს ვექიშპებით, ამას მხოლოდ დანაკარგები და ზარალი მოაქვს. სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის დაკარგვაზე მეტად ცუდი რა უნდა იყოს? ჩემი დასკვნა ასეთია ისტორიის გაანალიზებისას, რა არის ეს, მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა ფორმა უნდა მიიღოს ამან, ამაზე არ არის ახლა საუბრის დრო, მაგრამ გააზრების დრო ყოველთვისაა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან… უფრო ფართო ხედვა გვაქვს რეგიონში, უფრო ფართო თვალსაწიერი გაგვიჩნდა. კონფლიქტის, შეუთანხმებლობის და დიდი ხნის განმავლობაში მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვითარებას რომ შევხედეთ, დავინახეთ ეს მეგობრული ურთიერთობა, დავტკბით და გადავიტანეთ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში”, – თქვა ფაშინიანმა.
“აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისასმ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა განაცხადა, რომ “აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატსა და ახალ ფორმაციაში, რათა ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე,”.
“ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება, ტრადიციულად, ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“, – თქვა ალი ასადოვმა.
“აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და წლევანდელი სლოგანია: Invest in Connectivity – Grow in Stability. ფორუმი 22-23 ოქტომბერს ტარდება.
ფორუმი
