თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მათი განსახლების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
თვალჭრელიძის პირველ ნომერში მცხოვრები სოციალურად დაუცველები აღნიშნავენ, რომ მათ ჩაჰბარდათ უწყება იმის თაობაზე, რომ 10 ივნისამდე შენობა უნდა დაცალონ.
ისინი მათი გასახლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ცხოვრობენ, კერძო საკუთრებაა, თუმცა 2 წლის განმავლობაში მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ამასთან, მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მერია დაახლოებით 120 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელს არ სთავაზობს. ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
„ვიცით, რომ 10 ივნისს გასახლების თაობაზე უნდა შემოვიდნენ. 41 წლის ვარ, არ მაქვს არც საცხოვრებელი ფართი, არც მოძრავი და უძრავი ქონება. წვრილი შვილის პატრონს მეუბნებიან, რომ გავიყვანო ბავშვები ქუჩაში და დავყარო, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ადამიანი რომ გაგყავს ქუჩაში, საცხოვრებელი პირობები მაინც უნდა შესთავაზო. არც მთავრობიდან არ მოდის არავინ, რომ დაგველაპარაკოს. ყველა სტრუქტურაში გავგზავნეთ წერილი, მაგრამ უყურადღებოდ არიან. ვინმე ხომ არ უნდა მოკვდეს, ყურადღება რომ მოგვაქციონ?! სამლოცველოს წინაც კი დაგვიშალეს ლოცვის აღვლენა. როგორც ვიცით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამდენი წელია არავინ გამოსულა კონტაქტზე. ამდენი წელი რომ შემოსულია ადამიანი, დროულად უნდა გააფრთხილო, არ უნდა მისცე იმედი, რომ აქ დავფუძნდი“, – აღნიშნავს ადგილობრივი.
ipn.ge
