23 დეკემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე, საქართველოში უფასო სასკოლო კვება მოითხოვეს. შეკრების მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც სკოლებში ბუფეტების არარსებობასა თუ საკვების ხელმიუწვდომელ ფასებს უკავშირდება.
“მარში შიმშილის წინააღმდეგ” — ასე ერქვა დემონსტრაციას, რომელიც პირველ სკოლასთან დაიწყო და განათლების სამინისტროსთან დასრულდა. პროტესტის ორგანიზატორი მოძრაობა “ხმა” იყო, რომელიც 2021 წლიდან ახორციელებს კამპანიას უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით.
“უფასო სასკოლო კვება არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბავშვებმა შიმშილს თავი დააღწიონ”, — უთხრა ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა, ნინა ჩარკვიანმა.
“აქ ბავშვებს შიათ”; “პური და სამართალი ყოველდღე გვჭირდება”; “ჩემი კლასი მშიერია!”; “უფასო სასკოლო კვება 2024 წელს!” — ეწერა პლაკატებზე, რომლებიც დემონსტრაციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვებმა მიიტანეს პირველ სკოლასთან.
აქცია სასკოლო კვების მოთხოვნით. ფოტო: “ნეტგაზეთი”/მიხეილ გვაძაბია
მეათე კლასელმა ტასომ, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა, თქვა, რომ მის სკოლაში ბუფეტი აღარ მოქმედებს, რის გამოც ბავშვებს ფულის აკრეფა და სკოლიდან “გაპარვა” უწევთ, რათა რამე შეჭამონ.
“…ვყიდულობთ ლავაშებს და ერთად ვჭამთ ხოლმე. ძალიან სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად რომ ზიხარ, საჭმელს ჭამ, ლაპარაკობ და ერთობი.
რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ექიმთან ჩავიდა, თავი სტკიოდა. ეგრევე უკან ამოუშვეს: უჭმელზე წამლის დალევა არ შეიძლებაო. რა თქმა უნდა, უჭმელი იყო — არც ბუფეტია და არც საშუალება. ბუფეტი და საერთოდაც უფასო კვება რომ გვქონოდა, რამეს ვუყიდდით, რომ წამალი დაელია”, — დასძინა მან.
სკოლის მოსწავლეები აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
სიტყვის გამოსვლელებს შორის იყო პედაგოგი ქეთევან სეფიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ “განათლებას სჭირდება ზურგის გამაგრება სასკოლო კვების სახით”.
“ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს სასკოლო კვება უფასო, რადგან ჩვენ გვყავს სხვადასხვა სოციალური ფენის ბავშვები. იმისათვის, რომ გვქონდეს თანაბრობა და არ გვქონდეს დაყოფა ბავშვებს შორის, მოვითხოვთ, 2024 წლიდან ჩაეშვას სკოლებში სასკოლო კვება.
თუ ყველა ბავშვი არ იქნება ნაკვები, ჩვენ, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გაკვეთილების ჩამტარებელი მასწავლებლები, ვერანაირად ვერ მოვახერხებთ, რომ ბავშვებს გადავცეთ ცოდნა. ცოდნის მიღებას ჯანსაღი გარემო სჭირდება”, — დასძინა სეფიაშვილმა, რომელიც ორ სხვადასხვა საჯარო სკოლაში საქმიანობს.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და „საქსტატის” კვლევით, რომლის შედეგებიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე — საკმარისი თანხის არქონა.
ამასთანავე, გამოკითხულთა უმრავლესობა, 74.2%, მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლები, ამბობს, რომ მზად არის გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამისთვის, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.
აქცია სასკოლო კვების მოთხოვნით. ფოტო: “ნეტგაზეთი”/მიხეილ გვაძაბია
“არ ვარ დარწმუნებული, რომ მე მომისწრებს უფასო კვება სკოლებში. მაგრამ იმედი მაქვს, ჩემს ძმას, მეგობრებს, კლასელებს მაინც მოუსწრებს და მიხვდებიან, როგორია მეგობრებთან ერთად ჭამა და გართობა”, — დასძინა აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა ტასომ.
უამინდობის მიუხედავად, შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პირველი სკოლიდან განათლების სამინისტროსკენ მსვლელობით გადაინაცვლა. აქცია იქ დასრულდა.
დიდი ხანია, საქართველოში მოქმედი საინიციატივო ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების ნაწილიც ითხოვს სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბებას, რათა სკოლამ/სამინისტრომ თავად დანერგოს ბავშვებისთვის ჯანსაღი საჭმლის მიწოდების სერვისი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს და მოსწავლეებისთვის უფასო იქნება. ამავე მოთხოვნით განცხადება საბავშვო მწერლებმა და მხატვრებმაც გაავრცელეს.
ხელისუფლება ჯერ კიდევ 2021 წელს ამბობდა, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვრმა მიმდინარე წლის ნოემბერში თქვა, რომ სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელია ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდება. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შემდგომი ეტაპია “გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება”.
ამავე თემაზე გირჩევთ:
დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა — ამილახვარი
როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები
საქართველოს მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება — კვლევა
როგორ დანერგეს ჩხოროწყუს სკოლაში ექსპერიმენტული სასკოლო კვება