23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პარტიის მხარდამჭერების აქცია, 19:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა – იგი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილის, ბერა ივანიშვილის სიმღერით და სიტყვით გამოსვლით დასრულდა.
“მინდა გითხრათ, რომ მაშინაც [2012 წელს] დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები, თუმცა თუ შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს მეც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი და გავათვიცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული”, – თქვა ბერა ივანიშვილმა.
მანამდე, აუდიტორიას მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აქამდე გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან ისევ წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი მართავდა.
ივანიშვილი ირწმუნება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველომ “თავისუფლება დაიბრუნა და საფუძველი ჩაუყარეს “სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას”.
მისივე მტკიცებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი.
ივანიშვილი თავის გამოსვლაში, ამომრჩეველს ისევ მშვიდობის მნიშვნელობასა და ომის საფრთხეებზე ესაუბრა: “თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ”.
მანვე ისიც გაიმეორა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის, მათი გასამართლებისთვის, “ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხის” კონსტიტუციაში ასახვისთვის, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
“ქართული ოცნების” შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მხარდამჭერების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. აქციის გამართვის გამო გადაიკეტა თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი.