თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა

მოკლედ
· თბილისის აეროპორტში 30 იანვარს და 2 თებერვალს ორი სხვადასხვა ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა.
· ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა – მათი ფრენის მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
· რადიო თავისუფლებამ ამ ფრენების მიზნობრიობის შესახებ კითხვებით მიმართა თბილისის აეროპორტს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის საელჩოს საქართველოში – ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში პასუხი მხოლოდ აეროპორტისგან გვაქვს მიღებული. მათ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტირება მათ კომპეტენციაში არ შედის.
30 იანვარს, 22:41 წუთზე თბილისში დაფრინდა ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი, -ის საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი. 2 თებერვალს კი, 22:54 წუთზე თბილისის აეროპორტში C-130J-30 დაეშვა – ის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან გამოფრინდა.
თბილისში ჩამოსული ორივე ამერიკული სამხედრო ხომალდი ტვირთის გადამზიდის ფუნქციის მატარებელია. FlightRadar24-ის მონაცემებით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.
რა ვიცით მათ მარშრუტებზე:
· MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გამოფრენამდე გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში -ის ავიაბაზაზე საათ-ნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა. თბილისის შემდეგ სად წავიდა, არ ჩანს, მაგრამ 31 იანვარს შტუტგარტის აეროპორტში ახორციელებს შემდეგ ფრენას.
· FlightRadar24-ზე არ ჩანს, თბილისის დატოვების შემდეგ რა მიმართულებით გაფრინდა C-130J ტიპის სუპერ ჰერკულესი, რომელიც თბილისში 2 თებერვლის ღამეს ჩამოვიდა რამშტაინის სამხედრო ბაზიდან.
ჩვენ ვცდილობდით მეტი ინფორმაცია გაგვეგო იმის შესახებ, რა მიზნით ჩამოვიდა ამერიკული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები საქართველოში – ამერიკის საელჩოსთან და საქართველოს მთავრობასთან გაგზავნილი კითხვების პასუხების მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ