თბილისში აქციებზე პოლიციელების კვებაზე 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავენ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტი გეგმავს 100 ათასი ლარის ფარგლებში დახარჯოს საპროტესტო აქციებში მონაწილე პოლიციელების კვებაზე, გამარტივებულით შესყიდვით.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, აქციების გამო პოლიციელებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა და მათი კვება აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, „ვინაიდან თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე [აქციებზე] დგომა, კვებითი მომსახურების გარეშე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რაც დაუშვებელია“.
„ღონისძიებაში მონაწილე თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის შეფერხება დაუშვებელია, შეფერხდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიების სრულყოფილი განხორციელება, რაც ცუდად იმოქმედებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე“, – ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება კვებითი მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სატენდერო პროცედურების დასრულებას ესაჭიროება კანონმდებლობით დადგენილი ვადები. დეპარტამენტის განცხადებით, ტენდერის პროცედურების დასრულებამდე ესაჭიროებათ თანამშრომლების კვება, რაც იწვევს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას.