თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლმა სევიჩ სადიგოვამ, მათმა შვილებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “თავისუფლება აზერბაიჯანელ პოლიტპატიმრებს, “თავისუფლება აფგან სადიგოვს”, “ილჰამ ალიევი დიქტატორია”.
საპროტესტო აქციას შეუერთდა შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი, რომელიც თბილისში იმყოფება. აქცია დროში დაემთხვა გაეროს კლიმატის კონფერენციის (COP29) აზერბაიჯანში გამართვას, რის გაპროტესტებასაც გეგმავს გრეტა თუნბერგი.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო იმ მძიმე პირობებისადმი, როგორშიც იმყოფებიან პოლიტპატიმრები აზერბაიჯანში. ამასთან, სევიჩ სადოგოვამ ილაპარაკა ქმრისადმი მოპყრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“აფგანის საქმეს პოლიტიკურად არ მიიჩნევენ, სასამართლოსგან არაფერს მოველი, სასამართლო ალიევის დაკვეთას შეასრულებს ბოლომდე. ეს რეჟიმი ძალიან ჰგავს ალიევის რეჟიმს. ამას აქ ცხოვრებით მივხვდი – აქაური სასამართლო ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენი სასამართლო. ალიევს სურს აფგანი აზერბაიჯანს გადასცენ, დაე, მთელმა მსოფლიომ გაიგოს ეს. აფგანი ძალიან ცუდადაა, შიმშილობს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება კომაში ჩავარდეს, ამას ექიმები ამბობენ. მისი სიცოცხლე საფრთხეშია, უდანაშაულო ადამიანს კლავენ არა მარტო ალიევი, აქაც ვინც მართავს რეჟიმს – ივანიშვილი, ისიც ამას აკეთებს. მემუქრებიან კიდეც. დაე, ალიევმა ივანიშვილს უბრძანოს, მომკლან ან დამაპატიმრონ. ეს მირჩენია ასეთ ცხოვრებას, ეს ცხოვრება არაა”, – განაცხადა სევიჩ სადიგოვამ.
დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება აფგან სადიგოვის საქმის განხილვა, რომელიც ეხება მისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარს.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა,1 ნოემბერს კი სამი თვით გაუხანგრძლივა იგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.
15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.