„თბილისობის“ ორგანიზებისთვის 3 439 500 ლარის დახარჯვა იგეგმება – ღონისძიებები 20-21 სექტემბერს გაიმართება

„თბილისობის“ დღესასწაულის ორგანიზებისთვის დედაქალაქის მერია გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მომსახურების ჯამური ღირებულება 3 439 500 ლარს შეადგენს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს თბილისობის დღესასწაულზე გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვა იგეგმება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) და რიყის პარკში.
„ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, სადღესასწაულო ხეივანი, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, სცენის დეკორაციები და რეკვიზიტები.
გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, „ტკბილეულის ფესტივალი“, „თბილისური ბაზარი“, გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“ და „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi“, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები და ღვინის სივრცეები. ჩატარდება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
გთხოვთ, აღნიშნულის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დაავალოთ შესაბამის სამსახურს ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის წერილში.
წყარო:m2b.ge