არსებობს სერიოზული იმედი, რომ საქართველო მოხსნის თავის პოლიციურ საგუშაგოს, რომელიც უკანონოდ დაამონტაჟა სოფელ უისტაში [წნელისი] 2019 წელს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IMPR) ფარგლებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა, 127-ე შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრა ორშაბათს გაიმართა სასაზღვრო სოფელ ერგნეთში. მასში მონაწილეობდნენ ცხინვალის, რუსეთის, საქართველოსა და ეუთოს წარმომადგენლები.
„ეს იმედები პირველ რიგში დაკავშირებულია შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც ახლა საქართველოში ყალიბდება. ვხედავთ საქართველოს მხრიდან შემოსულ სიახლეებს, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ამ საგუშაგოს დაყენება სერიოზული შეცდომა იყო. შესაძლოა ეს მხოლოდ შიდაპოლიტიკური ბრძოლაა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბრობს და აღიარებს თავის შეცდომას, გარკვეულ იმედებს აჩენს,“ – თქვა კოჩიევმა.
აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მომდევნო, რიგით 128-ე შეხვედრა 18 ნოემბერს არის დაგეგმილი.
