დღეს, 16 დეკემბერს, ჰააგის მსოფლიო ფორუმზე, შეიკრიბებიან ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები ევროპიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, რათა საფუძველი ჩაუყარონ ახალ კონვენციას, რომელიც უკრაინისთვის საერთაშორისო სასარჩელო კომისიას შექმნის.
საერთაშორისო სასარჩელო კომისია წარმოადგენს რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული საკომპენსაციო მექანიზმის მეორე ნაწილს და ის უკრაინის ზიანის არსებულ რეესტრს დაეფუძნება. საჩივრების საერთშორის კომისია ევროპის საბჭოს ფარგლებში შეიქმნება და ის სხვა ქვეყნებისთვისაც ღია იქნება.
„ევროპის საბჭო და პარტნიორები პირველივე დღიდან მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ახლა მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. უკრაინის ზიანის რეესტრი და საერთაშორისო სასარჩელო კომისია იქნება ის დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომლებიც რუსეთის ომით გამოწვეული კომპენსაციის საკითხს მოაგვარებენ“, — განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ღონისძიების დაწყებამდე.
უკრაინის ზიანის რეესტრი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა, აგროვებს და აღრიცხავს უკრაინაში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების მიერ წარდგენილ საკომპენსაციო განაცხადებს. რეესტრს ამ დროისთვის 44 სახელმწიფო და ევროკავშირი შეუერთდა; მასში უკვე შესულია 80 000-ზე მეტი განაცხადი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილიც.
საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.




