2 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის სისხლი სამართლის წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შსს დაკავებულების შესახებ განცხადებაში მხოლოდ ინიციალებს წერს, თუმცა რადიო თავისუფლებამ შეძლო მათი იდენტიფიცირება: ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტიბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას“, – წერია განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით – მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით).
აღმაშენებლის ხეივანი, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.
ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა დემონსტრანტების უფლებები – უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. გუშინ კი „ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდებოდა.
