თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის შეფასებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად ახალი ავტომაგისტრალის განვითარებას შესაძლოა, გამართლებული იყოს.
საქმე ისაა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი პროექტი წარუდგინა. საუბარია ავჭალა-აეროპორტის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც შემოვლითი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება და გაივლის იმ ტერიტორიაზე, სადაც შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება იყო დაწყებული. რკინიგზის პროექტი 2013 წელს დაპაუზდა და მას შემდეგ პროექტის განვითარების პერსპექტივაც გაქრა.
როგორც არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე BMG-სთან საკითხის შეფასებისას აცხადებს, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ხარვეზიანი იყო. მისი თქმით, ყოველთვის იყო საუბარი ამ გზის საავტომობილო მაგისტრალად გადაკეთებაზე, თუმცა კონკრეტული პროექტი არ არსებობდა. ბოლქვაძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტა გამართლებული იყოს, თუმცა აუცილებელია იმ რეკრეაციულ არეალებში, სადაც ახალი მაგისტრალი გაივლის, განაშენიანებაზე კონკრეტული სტანდარტები დაწესდეს, იმისთვის, რომ უსისტემო მშენებლობები არ დაიწყოს.
“შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო ხარვეზიანი, მათ შორის დაგეგმარებული იყო ძალიან დიდ პროცენტებზე, სამანქანო გზას თავისი ნორმატიული მოთხოვნები აქვს, ტრამვაის და საჯარო ტრანსპორტს თავისი, რკინიგზასაც აქვს თავისი მოთხოვნები, მით უფრო რომ იქ უნდა იაროს ტვირთებმა. ამ პროექტის პროცენტული ქანობები, განსაკუთრებით გლდანის მიდამოებში, იქ სადაც გლდანის დიდი ტბაა, კრიტერიუმებს უარყოფდა. იყო საჭირო ორი ელმავლის გაკეთების საჭიროება, ექსპლუატაციის ხარჯი კი 12 მილიონ ლარზე მეტი იყო. კიდევ იყო რამდენიმე ასპექტი, რომლითაც დადგინდა, რომ ეს პროექტი საინჟინრო თვალსაზრისით იყო ძალიან ცუდი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის სწორი რკინიგზის საავტომობილო გზით ჩანაცვლება, ვაკისი უკვე იყო მომზადებული, დახარჯული იყო 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა, შესაფასებელია ახალი პროექტის ხარჯებიც. ზოგადად, რაკიღა თანხები დახარჯულია და რკინიგზისთვის არსებული ინფრასტრუქტურა თუ იქნება სამანქანოდ გამოყენებული, შესაფასებელია, მაგრამ სავარაუდოდ უნდა იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ არსებული ვაკისი გამოსადეგია, დასჭირდება განახლება და გაფართოება. ვფიქრობ, რომ ეს შეფასდა და ხდება გამოყენება არსებული ვაკისის.
ზოგადად, ქალაქ მშენებლები ვუფრთხით სამანქანო გზებს რეკრეაციულ ზონებში, იმიტომ რომ გზა იწვევს განვითარებას. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ზღვის არეალში სადაც გადის ეს სამანქანო გზა და გაივლის, იქ არ მოხდეს უსისტემო განვითარებები. რეკრეაციული სივრცე რომ არ შეილახოს, ამიტომ ასეთ ტერიტორიებზე იქნება შეზღუდვები შემოსაღები,”- ამბობს მერაბ ბოლქვაძე.