ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 2025 წლის თებერვალში გაიმართება.
ქვეყანას ამ მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებისთვის მზადება დაწყებული აქვს.
დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა. დედაქალაქში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტავს, ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
თბილისის ყინულის სასახლის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 28.5 მილიონი ლარია. მშენებლობის ხელშეკრულება კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენთანაა” გაფორმებული.
“საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული და საგრიმიორო დარბაზები, გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე – მოედნის პანორამული ხედით, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა. შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონეს და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა
ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ). მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს”, – წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის,ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე იხდის. ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი 2025“-ის ჩატარებაა. აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, ბათუმში ყინულის არენა და საცურაო აუზი 19,9 მილიონი დოლართ 2019 წელს აშენებული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, კანადურ კომპანია „ვესტინკორმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს, 29 მილიონი ლარიც გადაუხადეს, მაგრამ არც ყინულის არენა აშენებულა და არც აუზი. წელს ყინულის არენისა და აუზის მშენებლობაზე ტენდერი ისევ გამოაცხადეს და გამარჯვებულ „ანაგთან“ ხელშეკრულება 53 943 280 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გარეშე.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.