თბილისის ქუჩებში, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები გამოჩნდა. განსაზღვრულია მარშრუტიც – 9 ცალი MAN-ის ფირმის ავტობუსები დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
302-ე მიმართულებაზე ახალი დიდი ავტობუსების დამატება მოთხოვნამ განაპირობა. დიდი დიღმის მოსახლეობისთვის არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისი არ იყო. ავტობუსები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე, თბილისის მერიას 162 მგზავრზე გათვლი 160 18 მეტრიანი ავტობუსი აქვს ნაყიდი, რომელიც სხვადასხვა მარშრუტებზე ეტაპობრივად დაემატება.
“კურიერის” რესპონდენტებს ყოველდღიურად ქალაქში დიდი მანძილის გავლა უწევთ. დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ყოველდღიურად დადიან. 18 მეტრიანი ავტობუსით დღეს პირველად იმგზავრეს და ამბობენ, რომ ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეტი სივრცე და კომფორტია.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის ქუჩებში დღეს გამოჩნდა. 18-მეტრიანი ავტობუსების მოძრავების ტრაექტორიასა და შესაძლებლობებზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახი კალაძემ საპასპორტო პოლიტიკის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ავტოპარკის სრულად განახლებას ითვალისწინებს.
18-მეტრიან ტრანსპორტს 2 განყოფილება აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო ტექნიკით, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგით. ტრანსპორტში მოქმედებს უსადენო ინტერნეტ სისტემა.
ახალი ავტობუსების სამართავად მერიამ მძღოლები უკვე გადაამზადა. სატრანსპორტო კომპანიის 400-მდე თანამშრომელს უკვე E კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს და დღეიდან მგზავრებს ისინი ემსახურებიან.
18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მერიამ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია და, სულ მალე, დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. 2024 წლის ბოლომდე კი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა კიდევ 110 18 მეტრიანი ავტობუსი.