ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს და მსახიობს, კაბუს (კახა აბუაშვილს) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 10 000 ლარი შეუფარდა. თანხის გადახდის შემდეგ კაბუ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.
სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით სანაძემ კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვა. ხოლო, ალტერნატივის სახით შუამდგომლობა დააყენა გირაოს, 5 000 ლარის შეფარდების შესახებ.
პროკურორი კი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, კახა აბუაშვილი განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის ოთხჯერ არის ნასამართლევი. როგორც პროკურორმა გიორგი გოგოლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
რაც შეეხება საქმის გარემოებას, პროკურორმა განაცხადა: „კახა აბუაშვილმა საღამოს საათებში, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დაზარალებული თამარ მეგრელიშვილი, ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.
ასევე, დანით დაემუქრა დაზარალებულს”.
გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კაბუ ავტომანქანაში ინახავდა „პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს”.
დაცვის მხარემ პროკურორის პოზიცია არ გაიზიარა. ადვოკატის განმარტებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, როგორც სანაძემ თქვა, ის კაბუს არ ეკუთვნის.
დავით სანაძემ დაამატა, რომ კახა აბუაშვილს ამ დროისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.
კახა აბუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
კაბუს ბრალი წაუყენეს:
· სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) – 2 წლამდე პატიმრობა;
· 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) – 1 წლამდე პატიმრობა;
· 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 6 წლამდე პატიმრობა.
კაბუს დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ნოემბერს, გავრცელდა.