თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არის სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკვია. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატმა ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა, საქმის მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„ირაკლის ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას. ის ბრალს არ აღიარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები. ჩვენ ვიშუამდგომლებთ იმის შესახებ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. საქმის მასალებში, გადავხედე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაც ეხება, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება’-განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაყენებაზე საუბრობს კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უთითებს.
„რაიმე სახის მტკიცებულებები, რაც დაარწმუნებს მესამე პირს, მსგავსი რამ ჩვენ ვერც მასალების გაცნობისას ვიპოვეთ. აღსანიშნავია პროკურატურის პოზიცია, ის პატიმრობას ითხოვს იმ რეალობაში, როდესაც გუშინაც ჰქონდა განცხადება პროკურატურას, რომ ინდივიდუალურად მიუდგებიან ყველას, თუკი რაიმე ჯანმრთელობის ცნობები იქნება წარმოდგენილი. ჩვენც წარვადგინეთ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა, აქედან გამომდინარე, წესით, პროკურატურას ინდივიდუალურად უნდა ემსჯელა. ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ, არასაპატიმრო უნდა იყოს ყველა ვარიანტში, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება საპატიმრო დაწესებულებაში“, -განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , -ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.