თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ლილე ლიპარტელიანმა და ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომა დაწყებისთანავე დატოვეს.
ისინი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბოიკოტს უცხადებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს აღარ დაესწრება.
“როგორც წინა სხდომაზე გითხარით, “რუსული კანონის” შემოქმედების და ასევე, მხარდაჭერებისთვის ნამდვილად გამარჯობის თქმა გამიჭირდება. ეს სიტყვა გამარჯვებას მოიცავს და ვერ გისურვებთ ნამდვილად გამარჯვებას ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. შეგიძლიათ ჩვენს არასრულწლოვან შვილებს, მოხუც მშობლებს დაურეკოთ და მორალური ტერორის ქვეშ ამყოფოთ. ამის შემდგომ მიდიხართ მარშზე, ოჯახის პატივისცემის და მშობლების პატივისცემის მარშზე დგებით. ეს ყველაფერი ფარისევლობაა. სად არის ამ დროს თქვენი ქრისტიანული მორალი და ზოგადად მორალი? უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებთ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბოიკოტს უცხადებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს აღარ დაესწრება. ფრაქცია მუშაობას მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად აგრძელებს, ბოლომდე იბრძოლებს, რომ თბილისის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე და გვერდით ყველა მოქალაქეს დაუდგება, რომელიც დღეს დედაქალაქში თანადგომას საჭიროებს”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა.
აგრეთვე, სხდომათა დარბაზში “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებიც არ იმყოფებიან.
ამასთან, დღეს საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი პარტია „ლელოს“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დეპუტატებმაც გამოუცხადეს.