თბილისის საკრებულოს ბოიკოტს ნაციონალური მოძრაობაც უცხადებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაც უცხადებს ბოიკოტს. განცხადების თანახმად, პარტია აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებს.
პარტიაში ამბობენ, რომ რუსული რეჟიმი შეუძლებელს ხდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად.
“რუსული კანონი მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასამარებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. მმართველი პარტია მიზანმიმართულად ეწევა საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟს და უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს.
ივანიშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში ნაწარმოები სიძულვილის კამპანია ფიზიკურ ანგარიშსწორებებში გადაზარდა, ამჯერად, არამარტო პოლიტიკური ოპონენტების, არამედ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ, რომელთაც ლაჩრულად, ჯგუფურად უსწორდება. უფრო მეტიც, მორალური ტერორის ქვეშ ამყოფებს ჩვენ არასრულწლოვან შვილებს და მოხუც მშობლებს.
ასევე, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ, სანქცირებული მოსამართლეების მიერ მართული სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოების გამოყენებით აწარმოებენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სადამსჯელო ღონისძიებებს”, – აცხადებენ პარტიაში.