კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები.
„გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა პია კაუმამ.
შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.