თბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს

დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზეც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციის დროს განაცხადა.
ანდრია ბასილაიას თქმით, მუნიციპალიტეტისთვის როგორც გასულ, ისე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.
„დღეს, დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზეც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და პროცესებს, სადაც ყველაზე მეტად დგას სხვადასხვა სერვისის საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა.
პირველია, „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ყველა ძვირადღირებული კვლევა დაფინანსდება – გენეტიკური კვლევები, პეტ კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე მოხდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმა და იმ ხარჯების შემცირება, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 10 000 მოქალაქე ისარგებლებს“,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს, რომლის მკურნალობის ეფექტიანობა 95%-ია, ხოლო დაფინანსება 100%-იანი იქნება.
„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც დავიწყებთ, ეს არის „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. მისი ნაადრევი გამოვლინება მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში, კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში მინიმუმ 10 000 მოქალაქე შეძლებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.