თბილისის მერია: გლდანის რაიონში დაიტბორა ეზოები, ჩამოიშალა მიწა

მერიის ცნობით, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით გლდანის რაიონი დაზარალდა.
“მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.
რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევისა და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს”. – წერია მერიის განცხადებაში.
მერიის ცნობით, ყველგან, სადაც წვიმამ პრობლემები შექმნა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების თანამშრომლები მუშაობენ.